საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ანჩაბაძე - ეს უფრო იმედისმომცემი ნაკრებია და არა - შედეგის მომტანი #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ანჩაბაძე - ეს უფრო იმედისმომცემი ნაკრებია და არა - შედეგის მომტანი #1TVSPORT

ახალი თაობის ვეტერანმა, გიორგი ანჩაბაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ფრაზაზე, რომ ნაკრების თამაშებზე ფეხბურთელები ბოლომდე არ იხარჯებიან.

„თუ ვილი სანიოლს ეს სიტყვები აქვს ნათქვამი, მას ვერ დავეთანხმები. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ფეხბურთელი ნაკრებში ჩამოდიოდეს და 90 წუთის განმავლობაში არ იხარჯებოდეს.

– ფეხბურთელს თამაში თუ არ სურს, შეუძლია ნაკრების ხელმძღვანელობას დაუკავშირდეს და რაღაც მიზეზით სახლში დარჩეს. თუ აქ ჩამოდის, ბაზაზე, ბიჭებთან ერთად მოსამზადებელ შეკრებას გადის და მერე მოედანზე ბოლომდე არ იხარჯება – ეს ჩემთვის წამოუდგენელია“.

ვლადიმერ გუცაევი, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტი: 

„ახლაც აზრი გაიყო. მართლა წარმოუდგენელია, ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯოს. ჩემი აზრით, ორი ვარიანტია – ან თამაშისთვის ვერ მოემზადე, ან კლასი არ გყოფნის. ჩვენებს აქვთ კი იმის კვალიფიკაცია, რომ ამ დონეზე ითამაშონ და ესპანეთს, შვედეთს და საბერძნეთს თანაბრად ებრძოლონ?“.

გიორგი ანჩაბაძე: „ვიტალის (დარასელია-უმცროსი) ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენი ნაკრები უფრო მომავლის გუნდია და ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელთა ასაკიც 20-დან 25 წლამდე მერყეობს. ეს უფრო იმედისმომცემი ნაკრებია და არა – შედეგის მომტანი.

გულშემატკივარს რაც შეეხება, შენს საყვარელ ნაკრებს პირველ გაშვებულ ბურთამდე კი არ უნდა უგულშემატკივრო, არამედ, 90 წუთი. შესაძლოა, მეტოქეს          ორგოლიანი უპირატესობა ჰქონდეს, მაგრამ ბოლომდე დავუდგეთ ჩვენს გუნდს, რადგან არაა გამორიცხული, თამაში შემოტრიალდეს“.