საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით კერესელიძე - ვფიქრობ, მომავალ ხუთ წელში „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი რამდენჯერმე გახდება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით კერესელიძე - ვფიქრობ, მომავალ ხუთ წელში „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი რამდენჯერმე გახდება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემის „საფეხბურთო ტაიმაუტი“ სტუმარი ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი დავით კერესელიძე იყო, რომელმაც გუნდში მისვლის უცნაური ისტორია გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდება.

„ჩავედი იმერეთში და მითხრეს, რომ მათთვის პრიორიტეტი ქუთაისის „ტორპედოს“ გადარჩენა იყო. თავიდან გამიკვირდა, რადგან ველოდებოდი, რომ მეტყოდნენ სხვა პრიორიტეტებს – ფეხბურთის გუნდის გადარჩენა კი უცნაურად ჟღერდა.

თუმცა, რომ ჩავერთეთ პროცესში და დავიწყეთ შესწავლა, მივხდით, რომ სერიოზული პოტენციალი იყო – ჯერ ქუთაისის განვითარების. ფეხბურთი ისეთი გამაერთიანებელი ელემენტია, რომლის გარშემოც შეიძლება რეგიონული განვითარების საინტერესო მოდელის ხელშეწყობა.

შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ ამაზე ბევრი არ უნდა გვეფიქრა და ის წელიწად-ნახევარი, რაც ჩვენ ფეხბურთში ვართ ჩართულები, გვაჩვენებს, რომ სისტემატური მიდგომით კარგი შედეგების მიღწევა შესაძლებელია. ამიტომ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ სპორტის ფაკულტეტი ჩამოვაყალიბეთ, თბილისში „ინტერის“ აკადემია გვაქვს, ქუთაისში კი საფეხბურთო სკოლის  განვითარებას ვცდილობთ.

თავიდან ამაში იტალიელი სპეციალისტი გვეხმარებოდა, ახლა კი – გერმანელები. ვფიქრობ, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ჩვენს საფეხბურთო სამყაროში რაღაც ახლის შექმნა ძალიან საინტერესო იქნება. ახალი პროექტია ფუტსალში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსთან“ თანამშრომლობა, რომელიც ფუტსალის ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია.

როდის იქნება ცხრილის სათავეში „ტორპედო“? ვფიქრობ, მომავალი 5 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გახდება საქართველოს ჩემპიონი. თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანია არა ეს, არამედ საერთაშორისო ტურნირებზე ღირსეულად თამაში. ძნელია დაპირება, რომ წელსვე წარმატებით ვითამაშებთ, მაგრამ მიზანი ესაა“, – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი.