საფეხბურთო ტაიმაუტი | დათო ტურაშვილი - რაც ხვიჩა „ნაპოლიშია“, იტალიიდან ყოველდღე  საქართველოზე ლექციის ჩატარებას მთხოვენ, ასეთი ძალა აქვს ფეხბურთს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | დათო ტურაშვილი - რაც ხვიჩა „ნაპოლიშია“, იტალიიდან ყოველდღე  საქართველოზე ლექციის ჩატარებას მთხოვენ, ასეთი ძალა აქვს ფეხბურთს #1TVSPORT

kvara ti amo (კვარა მიყვარხარ) – ასეთი წარწერიანი მაისურით იყო საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე საუბრამდე თავისი საფეხბურთო ისტორია გაიხსენა.

„მიხარია, რომ ასეთ გადასარევ გადაცემაში ჩემს საყვარელ თემაზე მომიწევს საუბარი. ყოფილი ფეხბურთელი ვარ და საქართველოს ნაკრებშიც მითამაშია. მართალია, ამხანაგურში, მაგრამ მითამაშია. რასაკვირველია, თავდამსხმელი ვიყავი. თუმცა, მერე დავიღალე და კარში ჩავდექი. რეზო არველაძემ გამიტანა, მაგრამ მუხანათურად. ქინქლაძე კი საოცრება იყო.

მაისური, რომელზეც ეს წარწერაა, უკვე ბევრს ექნება, რადგან ეს იმ პატარა ბიჭის ციტატაა, რომელიც გულწრფელად ეუბნებოდა ხვიჩას, რომ უყვარს და თვალები ცრემლებით ევსებოდა. ჩვენი ქვეყანა სავსეა ტალანტებით, მათ შორის, ფეხბურთში, მაგრამ ბევრი საერთოდ გაქრა.

ხვიჩა კვარაცხელია უნიკალური მოვლენაა იმითაც, რომ ამდენი იმედგაცრუებისა და ტკივილის შემდეგ, ეს ფანტასტიკური ფეხბურთელი ჩნდება – მე ვიტყოდი გადაუჭარბებლად, ეს ბიჭი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. ვინც მეგრული იცის, ხვიჩა ისედაც კაშკაშა ვარსკვლავს ნიშნავს.

რაც ამ ადამიანში მომწონს, ესაა მისი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი, როგორც დიდი დღესასწაულისადმი. მომწონს მისი მცდელობა, ამ ფეხბურთისგან შექმნას რაღაც დიადი, რაც მის სამშობლოს გაუხარდება. სერია A-ს საერთოდ არ ვუყურებდი, ახლა ზეპირად ვიცი, „ნაპოლი“ როდის და ვის ეთამაშება. ხვიჩას თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა ბევრს აქვს, მაგრამ ნიჭის რეალიზაციას თუ ისე შევძლებთ, როგორც ამას ხვიჩა კვარაცხელია აკეთებს, ჩვენ ვიქნებით ძალიან მაგარი ქვეყანა.

რაც ხვიჩა „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, დღე არ გავა იტალიიდან არ მომმართონ თხოვნით, რომ საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე ლექცია წავიკითხო. ეს ძალა აქვს ფეხბურთს. საფრანგეთიდან გუშინ მივიღე წერილი, ჩემი წიგნი 22-ე ენაზე ითარგმნა. მაგრამ რამდენი წელი უნდა ვწერო, რომ მსოფლიოს გავაგებინო, რა არის საქართველო. ხვიჩას კი 90 წუთში შეუძლია მსოფლიო საქართველოზე აალაპარაკოს.

დღეს საქართველოს სიმბოლო არის ხვიჩა კვარაცხელია. მის გამო ყველაფერი საინტერესო ხდება, რაც საქართველოს უკავშირდება. ეს ძალა აქვს ფეხბურთს. მასზე მასობრივი სახალხო დღესასწაული და სარბიელი არ არსებობს. ფეხბურთის დღესასწაული დაგვიბრუნდა, რადგან თავადაა ნიჭის დღესასწაული.

ხვიჩას ვერავის შევადარებ, ტოტალურ ფეხბურთამდე არსებული დღესასწაული დააბრუნა, რადგან სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს. ის ფენომენია, რომელიც არ გაჩერდება. ახლა როგორც კვარა მიდის, დარწმუნებული ვარ, მას ნებისმიერი კლუბი შეიძენს“, – ამბობს დათო ტურაშვილი.