საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჭიაბრიშვილი - ევრო 2020-ზე აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ველოდები #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჭიაბრიშვილი - ევრო 2020-ზე აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ველოდები #1TVSPORT

ევრო2020-ის სტარტსა და მოლოდინებზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ილაპარაკა.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ იტალიელებს საზეიმო განწყობის შექმნა და ზეიმი ეხერხებათ. როდესაც მანჩინი იტალიის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, გუნდში თაობათა ცვლა მიმდინარეობდა. ჩემთვის რაც ყველაზე მისაღებია, იტალია მისთვის ჩვეული დაცვითი სტილს კი არ თამაშობს, არამედ რადიკალურად განსხვავებულს – შემტევ ფეხბურთს.

არ მეგონა, იტალია თურქეთს ასე თუ აჯობებდა. მე რაც დავინახე, იტალიამ მოედანზე ზუსტად ის გააკეთა, რაც მთავარ მწვრთნელს ჰქონდა დაგეგმილი – შეტევაშიც და დაცვაშიც. შეტევაში სულ ბურთით იყვნენ, მაგრამ კონტრშეტევები მხოლოდ ორჯერ გაეპარათ. რთულია, როდესაც უტევ და დაცვაშიც ასეთი სათამაშო დისციპლინა გაქვს. იტალიამ თურქეთის თავდამხმელი ძალიან დაბლა ათამაშა და საერთოდ შანსი არ დაუტოვა. როდესაც ასე თამაშობ, ყრუ დაცვიდან, მერე კონტრშეტევის წამოწყება ძალიან ძნელია. თურქეთი ევრომდე ვნახეთ, ძალიან ძლიერი გუნდია და არაა ის ნაკრები, რომელიც მხოლოდ გოლის არგაშვებაზე ფიქრობს, მაგრამ იტალიამ თამაშის საშუალება არ მისცა.

არ ვეთანხმები აზრს, თითქოს, იტალიაში ვარსკვლავი არ თამაშობსო. მანჩინის ყველა ხაზში ვარსკვლავი ჰყავს – დაწყებული მეკარეთი, დასრულებული თავდამსხმელებით. ასეთ დონეზე გუნდი რომ თამაშობს და 28 მატჩი წაუგებელია, ეს მოსაზრება შეიცვლება. არც ვიცი, რომელი არაა ვარსკვლავი.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ფეხბურთი სანახაობაა და ხალხი გვიანობამდე ტელევიზორებთან თამაშებს იმიტომ ველოდებით, რომ გვინდა გოლები და შემტევი ფეხბურთი ვნახოთ. მიმაჩნია, რომ წინ აუცილებლად ასეთი ჩემპიონატი გველის“.