საფეხბურთო ტაიმაუტი | ბუდუ ზივზივაძე - მიხარია, რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჩემი შედეგი ქართველებს შორის სარეკორდო აღმოჩნდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ბუდუ ზივზივაძე - მიხარია, რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჩემი შედეგი ქართველებს შორის სარეკორდო აღმოჩნდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა საფეხბურთო ტაიმაუტში ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ გატარებულ სეზონზე ისაუბრა.

„ზაფხულში გუნდმა ისეთი ტრანსფერები განახორციელა, რომ გულშემატკივრები ბუნდესლიგაში გადასვლას ითხოვდნენ. მაგრამ პირველი წრე კარგად ვერ ჩავატარეთ, მეორეში კი 17 მატჩიდან მხოლოდ 2 წავაგეთ და მადა ჭამაში მოდის, პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი გაგვიჩნდა. მიუხედავად ამისა, მეტოქეები იმდენად წინ იყვნენ, დაწევა ვეღარ მოვახერხეთ. მწვრთნელმა თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა და კლუბის ხელმძღვანელებმაც სეზონი წარმატებულად ჩათვალეს.

ჩემი პირადი შედეგითაც კმაყოფილი ვარ. 12 გოლი გავიტანე, იმის მიუხედავად, რომ პირველ წრეში „კარლსრუეს“ შემადგენლობაში ბევრი არ მითამაშია. ერთსაც ვიტყვი, მანამდე ქართველ ფეხბურთელს მეორე ბუნდესლიგაში 10 გოლზე მეტი გატანილი არ ჰქონდა და ჩემი შედეგი სარეკორდო აღმოჩნდა. მოხარული ვარ, რომ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელების რეკორდი გავაუმჯობესე, როგორებიც ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი არიან.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ მენეჯერმა მომწერა, მითხარი, სტადიონზე რომ შემოხვალო. ასეთ გრანდიოზულ დახვედრას არ ველოდი, რადგან გერმანიაში ემოციის გამოხატვა არ უყვართ და ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ქართული დროშები დამხვდა და სიმღერა „ზღაპრის ბოლო კეთილია“ იყო ჩართული. ბედნიერი ვიყავი. თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ ფიზიკურად ძალიან მოვუმატე და ასეთ ფორმაში ვარ“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.