საფეხბურთო ტაიმაუტი | ბიძინა ბარათაშვილი – მერჩივნა, ხვიჩა პსჟ-ში ზაფხულში გადასულიყო, რადგან ეს ამბავი გაცილებით უმტკივნეულოდ ჩაივლიდა #1TVSPORT
ეთერში დაბრუნდა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტი“, რომლის სტუმარი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი იყო – მან ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენის“ გადასვლაზე ისაუბრა.
„შესაძლოა, სადავო რაღაცას ვლაპარაკობ, მაგრამ მერჩივნა, ხვიჩა პსჟ-ში ზაფხულში გადასულიყო – ან შარშან ან მომავალ ზაფხულს, რადგან ეს ამბავი გაცილებით უმტკივნეუილოდ ჩაივლიდა. ჩემი მეუღლე ნეაპოლშია და გაოცებულია, ყველგან გამქრალია ხვიჩას მაისურები, ფიგურებიც, მურალებიც.
როდესაც ნეაპოლში ჩავედი, იგუაინის აღზევებას დაემთხვა. მართალია, მთლად ისეთი სიგიჟეები არ ხდებოდა, როგორც ხვიჩას შემთხვევაში, მაგრამ მისი მაისურები მარადონას მაისურების გვერდით იყო და იმ მომენტისთვის ნეაპოელელების კერპი იყო. დე ლაურენტისმა „იუვენტუსში“ ისე გაყიდა, თავად არ სურდა. ამის მიუხედავად, იგუაინის მაისურები კანალიზაციაში ჩაყარეს.
ნეაპოლელები ჩვეულებრივი გულშემატკივრები არ არიან. ეს კარგად ჩანს ფილმში „ოპერაცია წმინდა იანვარიუსი“ – ასეთები არიან. ნეაპოლში მიქელანჯელოს სიქსტის კაპელას ცენტრალური სცენა გადააკეთეს და ღმერთის ადგილას მარადონა გამოსახეს, ხოლო ადამის ადგილზე – ხვიჩა. აბსოლუტური სიგიჟე! ამიტომ ცოტა გული მწყდება და რა დაგიმალოთ, „ნაპოლის“ ახლაც ვქომაგობ, რომ ხვიჩა იტალიის ორგზის ჩემპიონი გახდეს“, – ამბობს ბიძინა ბარათაშვილი.