საფეხბურთო ტაიმაუტი | არჩილ არველაძე - ჩემი აზრით, დღევანელი სომხეთის ნაკრები საქართველოზე ძლიერი არ არის #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ არჩილ არველაძემ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მოახლოებულ დაპირისპირებაზე და შანსები შეაფასა.
„სომხეთის ნაკრებთან პირველ მატჩს კვარაცხელიასა და კაშიას გარეშე ვითამაშებთ. ხვიჩა გუნდისთვის საკვანძო მოთამაშეა. მის გარეშე რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარეთ, მაგალითად, ლუქსემბურგთან, მაგრამ გუნდში არიან შემტევი ფეხბურთელები, რომელთაც შედეგის მოტანა შეუძლიათ.
უნდა ვაღიარო, რომ ჩვენსა და სომხეთს შორის ჩატარებულ მატჩებს განსაკუთრებული ინტრიგა ახლავს, მაგრამ დღეს სომხეთის ნაკრები ისეთი ძლიერი არაა, რომ ერთი ფეხბურთელის არყოფნამ დიდი როლი ითამაშოს, თუმცა ხვიჩას ნაკრებში ყოფნა მნიშვნელოვანია.
საქართელოს ნაკრებმა ეს ეტაპი აუცილებლად უნდა დაძლიოს. ჩვენ ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო შეხვედრამდე გვქონდა შანსი, რომ B დივიზიონში პირდაპირი გზით დავრჩენილიყავით. ეს გვაიმედებს, რომ გვყავს გუნდი, რომელმაც ამ დონეზე უნდა ითამაშოს.
მათი მწვრთნელი ჯონ ვან’ტ სხიპი შოთის მეგობარია, იგი გუნდს ნიდერლანდური მეთოდიკით მოამზადებს. თუ არ ვცდები, რაღაც გაუგებრობების გამო სომხეთს მხითარიანი არ ეყოლება, ამას გარდა, კიდევ რამდენიმე მოთამაშე დააკლდებათ. მგონია, რომ ფეხბურთელებითა და მწვრთნელით ვერ გვჯობნიან, მაგრამ ფეხბურთში სიურპრიზები იშვიათი არაა და თუ პირველ მატჩში რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, კარგია, რომ მერე მატჩი საკუთარ მოედანზე გვაქვს“.