საფეხბურთო ტაიმაუტი | ამხანაგურ შეხვედრებში უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითადში სათამაშოდ მზადაა - ქეცბაიამ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ამხანაგურ შეხვედრებში უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითადში სათამაშოდ მზადაა - ქეცბაიამ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ, რომელიც კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გიორგი ჩაკვეტაძის პერსპექტივაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ის ძველ ფორმას დაიბრუნებს.

„დაიბრუნებს თუ არა ჩაკვეტაძე ძველ ფორმას? მიხარია, რომ „სლოვანში“ ყველა თამაშს ატარებს და რა ინფორმაციაც მაქვს, კარგადაც თამაშობს. გოლი თუ არ გააქვს, ყველა შეხვედრაში საგოლე გადაცემას მაინც ასრულებს.

გიორგის უნდა მიეცეს ნაკრებში თამაშის საშუალება. ოფიციალურ მატჩებში უთამაშებლად ვერ გავიგებთ, არის თუ არა საამისოდ მზად. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში პირველი შეხვედრები რომ ჩაატარა, მარცხენა ფლანგიდან უტევდა. კარგია, რომ ახლა ცენტრში შეწიეს.

ალბათ, გიორგის ამხანაგურ შეხვედრებში ნაკრებში გამოიძახებენ და შანსს მისცემენ. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად არის.

მაგრამ იმასაც გააჩნია, გუნდი რა სქემით თამაშობს. ვაისის დროს სულ სხვა განლაგება იყო, რომელიც სანიოლმა შეცვალა. სანამ ევრო 2024-ის შესარჩევი დაიწყება, შეიძლება, საქართველოს ნაკრებმა ისევ ახალი სქემით ითამაშოს და ამაში ჩაკვეტაძე მოხვდეს.

საქართველოს ნაკრებს აქვს მოედნის ცენტრში პრობლემა, ისეთი მოთამაშე აკლია, რომელიც ბურთს შეინარჩუნებს, ტემპს დააგდებს. ჩაკვეტაძეს კი აქვს ეს თვისებები. „სლოვანში“ უფრო გამთამაშებლად თამაშობს. მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ტიპური 10-იანი არ არსებობს, დაცვაშიც უნდა ითამაშო“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.