საფეხბურთო ტაიმაუტი | „აიაქსს“ ვეუბნებოდი, ბრილიანტია ეს ბავშვი-მეთქი და ამაში თავად დარწმუნდნენ - შოთა არველაძე კვარაცხელიაზე #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | „აიაქსს“ ვეუბნებოდი, ბრილიანტია ეს ბავშვი-მეთქი და ამაში თავად დარწმუნდნენ - შოთა არველაძე კვარაცხელიაზე #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩართვისას, შოთა არველაძემ  კომენტარი „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას კარგ სტარტზე გააკეთა.

„გვარდიოლა და კლოპიც აღნიშნავენ, რომ „ნაპოლი“ ძალიან კარგი გუნდია და ახლა იტალიაში საუკეთესოა. ბოლო წლებში სერია „ა“-ში სულ ლიდერებში იყო და სულ შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. მაგრამ ეტყობა, ელოდებოდა პერიოდს და ახლა ყველაფერი უფრო ადვილად გამოსდის.

ხვიჩას განსაკუთრებული თამაშის სტილი აქვს. ძალიან ცოტა თავდამსხმელი მინახავს, რომელიც სულ დაცვას „ჭრის“ და კარისკენ ხმალამოღებული მიდის. რამდენი ასისტი და გოლი დაუგროვდა… სხვათა შორის, პირველი პასის შემდეგ მივწერე, ყველას გოლი უყვარს, მაგრამ ასეთ დონეზე მსგავსი პასი უფრო ფასობს-მეთქი და ამას თავადაც ხვდება.

ჩემს ორ ყოფილ კლუბს, „რეინჯერსსა“ და „აიაქსს“ შეხვდა. „აიაქსში“ იცნობდნენ, რადგან მანამდე ოვერმარსს ხვიჩაზე ველაპარაკე. მაგრამ მითხრეს, ბევრს ითხოვენ, მაგაში 9-12 მილიონია ოპტიმალური ფასიო – პრინციპში, „ნაპოლიში“ ამ თანხის ფარგლებშიც გაიყიდა. ახსოვდათ, ვეუბნებოდი, რომ ბრილიანტია ეს ბავშვი და არ შეიძლება მაგის ხელიდან გაშვება. ამაში თავადაც დარწმუნდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ლივერპული“ გადაჯეგა“.