საფეხბურთო პროექტი კონფლიქტის ზონისთვის - EU Reporter ქართველი მსაჯის ინიციატივას გამოეხმაურა
საფეხბურთო პროექტი კონფლიქტის ზონისთვის - EU Reporter ქართველი მსაჯის ინიციატივას გამოეხმაურა

EU Reporter-მა წერილი გამოაქვეყნა ერგნეთში ჩაფიქრებული პროექტის შესახებ, რომელიც ქართველი და ოსი ხალხის დაახლოებასა და კონფლიქტის ზონაში მშვიდობის აღდგენას ემსახურება.

„მშვიდობის დამყარების მიზნით, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ამბიციური პროექტის განხორციელება გადაწყვიტეს კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგენთში, რომელიც 2008 წელს სერიოზულად დაზარალდა და სადაც დროებითი გამყოფი ხაზი გადის. ერგნეთი ერთ-ერთია იმ მრავალ სოფელთა შორის, რომელიც მდებარეობს ცხინვალის რეგიონის ან სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან. 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ადმინისტრაციულ საზღვარზე დამონტაჟდა მავთულხლართები, რომლებიც ხალხის თავისუფალ გადაადგილებას ხელს უშლის“, – წერს გამოცემა.

ინიციატივას ხელმძღვანელობს გიორგი სამხარაძე, მოქმედი საფეხბურთო მსაჯი, რომელმაც ახლა საერთაშორისო დონორებს თავისი პროექტის დაფინანსების მიზნით მიმართა.

„ჩვენი პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია რამდენიმე კომერციული კომპანიის მიერ. ჯერჯერობით, რამდენიმე ინვესტორისგან დაახლოებით 250,000 აშშ დოლარია შეგროვებული, მაგრამ დამატებითი ინვესტიცია აუცილებელია პროექტის სრულად რეალიზაციისთვის. ამაში მხარს გვიჭერს ევროკავშირის საქართველოს საბჭოს და იმედია, რომ დახმარება შეიძლება მოვიდეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორისგან. ამ პროექტს განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რეგიონში დაძაბულობის საგანგაშო ზრდის გათვალისწინებით. ეს საერთაშორისო სამშვიდობო პროექტი მოითხოვს ინვესტორების პრაქტიკულ ჩართვას. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ დახმარების წერილები გაგზავნეს. ახლა იმედი გვაქვს, რომ ეს დახმარება ფინანსურ დახმარებაში გადაიზრდება. ჩვენ არ გვინდა ომი, პირიქით, მშვიდობა გვსურს და ერთი მიზანი გვამოძრავებს – კონფლიქტის ზონაში ახალგაზრდები დასაქმდნენ და განვითარდნენ უკეთესი მომავლის იმედად. ეს პროექტი ოსებსა და ქართველებს შორის შერიგებას შეუწყობს ხელს, ასევე ახლოს მდებარე სოფლების განვითარებას“, – ამბობს სამხარაძე.

EU Reporter-ის წერილში საოკუპაციო ზოლში გამართულ ამხანაგურ მატჩსა და აგვისტოს ომის შემდგომ არსებულ რეალობაზე წერს: „საქართველოს პარლამენტმა ერგნეთის საერთაშორისო სამშვიდობო პროექტს პრიორიტეტული ყურადღება მიაქცია და კონფლიქტის ზონაში ბავშვთა სპორტის განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაწყდა. მანამდე კი ერგნეთში ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის დროებითი საფეხბურთო სტადიონი მოეწყო, სადაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მონაწილეობით გაიმართა ამხანაგური საფეხბურთო მატჩი – დროებით გამყოფი ხაზიდან და ცხინვალიდან 300 მეტრში. 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომის შემდეგ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, რასაც საქართველო ანექსიად მიიჩნევს. საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას არ ცნობს“.