საფეხბურთო ლეგიონი - პირველი ქართული ასისტი ჩინეთის ჩემპიონატში, აბურჯანიას „ჟილ ვისენტე“ დამარცხდა, პოლონური დაპირისპირება კვეკვესკირის გუნდმა მოიგო #1TVSPORT
ევროპის და აზიის ქვეყნებში გაფანტულმა ქართველმა ლეგიონერებმა ტურის მატჩები ჩაატარეს – იყო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ.
ჩინეთის სუპერ ლიგაში გუჯა ლობჟანიძის „მეიჟუ ჰაკამ“ „შანდონგს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 30 წლის ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, ერთ წუთში კი საგოლე გადაცემა შეასრულა – ეს ჩინეთის სუპერ ლიგაში ქართველის პირველი საგოლე ქმედება იყო.
ჩინეთიდან ცხრა ათასი კილომეტრის დაშორებით ითამაშა გიორგი აბურჯანიამ – 27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა პორტუგალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა „ჟილ ვისენტეში“, რომელიც ლიგა პორტუგალში „სანტა კლარასთან“ 3:2 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მოთამაშე სასტარტო თერთმეტეულში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.
საბერძნეთის სუპერ ლიგის გასავარდნთა ჯგუფში ლევან შენგელიას „პანეტოლიკოსი“ გასვლაზე „ატრომიტოსთან“ 2:0 დამარცხდა. სამწუხაროდ, ქართველმა თავდამსხმელმა შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან უყურა.
სათადარიგოთა შორის დარჩა პოლონეთის ექსტრაკლასაში თორნიკე გაფრინდაშვილიც, რომლიც „ზაგლემბიემ“გასვლაზე „ლეხიას“ 3:1 სძლია. ამავე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – პოზნანის „ლეხმა“ (ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი) ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. შეუცვლელად მხოლოდ კაკაბაძემ ითამაშა, „ლეხში“ წიტაიშვილი განაცხადში არ ყოფილა, კვეკვესკირი კი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.