საფეხბურთო კლუბი „თელავი“ - ცილისმწამების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ
საფეხბურთო კლუბი „თელავი“ - ცილისმწამების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ განცხადება გაავრცელა – კლუბის ადმინისტრაცია ცილისმწამებლურს უწოდებს იმ განცახდებებს, რაც ბოლო დღეებში გაისმა და სადაც ბოლო დღეებში „თელავი“ გარიგებულ თამაშების კონტექსტში მოიხსენიეს.
 
„22 მაისს, (ერთ-ერთი) ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემის წამყვანებმა და მიწვეულმა სპორტულმა ჟურნალისტმა საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ახსენეს ისეთ კონტექსტში, თითქოსდა ჩვენი გუნდი გარიგებულ მატჩებში იღებდეს მონაწილეობას და ნებსით თუ უნებლიეთ დაკავშირებული იყოს ბოლოხანს ქართულ ფეხბურთში აგორებულ სკანდალთან. პირდაპირ ვაცხადებთ, გუნდის ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები, პერსონალი და ჩვენი გუნდის გულშემატკივრები აღშფოთებულნი ვართ ზემოხსენებული ჟურნალისტების არაკომპეტენტურობით და არაპროფესიონალიზმით. „თელავი“ დაარსების დღიდან მოქმედებს და თამაშობს გამჭვირვალედ, სამართლიანი თამაშის პრინციპებით და როგორც ჩანს, ვიღაცას ან ვიღაცებს ეს არ უხარიათ და ძალიანაც აწყობთ და უნდათ, ჩირქი მოგვცხონ“ – წერია „თელავის“ განცხადებაში.
კლუბი ასევე იხსენებს ძველ ფაქტებს, როდესაც „თელავი“ ნეგატიური კონტექსტში, მათი აზრით, უადგილოდ ახსენეს: „სამწუხაროდ, პირველ ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2017 წლის 3 დეკემბერს, ლანჩხუთის „გურიასთან“ გამართული საპასუხო საპლეიოფო მატჩთან დაკავშირებით, როდესაც ლანჩხუთელი მსაჯის, ილია ტუღუშის ტრაგიკულად გარდაცვალება ირიბად და პირდაპირ დაგვიკავშირეს და მაშინ, რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებამ დაუფარავად განაცხადა, რომ თურმე ილია ტუღუში სწორედ ამ შეხვედრას სჯიდა – არადა, ელემენტარული ცოდნა უნდა იმას, რომ ლანჩხუთელი მსაჯი „გურიას“ თამაშზე უბრალოდ ვერ და არ დაინიშნებოდა“.
„თელავის“ ადმინსუტრრაცია აღშფოთებული იმით, რომ ბოლოდროინდელ გარიგებული თამაშების კონტექსტში ახსენეს: „რატომღაც, ჩვენი კლუბი „ვიტ ჯორჯიასთან“ სათასო მატჩის დროსაც ახსენეს და ბოლოს, 20 მაისს, „ცხინვალთან“ 0:1 წაგებულ შეხვედრაშიც დაგვდეს ბრალი, თუმცა ფაქტებით ვერ ასაბუთებენ, თუ რატომ იყო „ცხინვალთან“ გარიგებულ მატჩი, რატომ „წავაგეთ ძალით“ შეხვედრა, როდესაც ჩვენს გუნდს ეროვნულ ლიგაში გადასვლა აქვს მიზნად დასახული და ჩვენთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს“.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სკ „თელავის“ ადმინისტრაცია აცხადებს: „ჩვენი გუნდი დაარსების დღიდან ემსახურება სამართლიანი თამაშის პრინციპებს და მჭიდროდ და ღიად თანამშრომლობს და ითანამშრომლებს ფეხბურთის ფედერაციასთან და ნებისმიერ საგამოძიებო სტრუქტურასთან! ჩვენ არავისთან დასამალი, დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს. პირიქით, მოვითხოვთ ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებისგან, აგრეთვე ზემოთნახსენები გადაცემის სტუმრისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ცილისმწამებლური და არაკომპეტენტური განცხადებების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კლუბის სახელის, იმიჯის შელახვისთვის და მორალური შეურაცხყოფისთვის მივმართავთ სასამართლოს!“