საფეხბურთო კლუბი „სარაევო“ რამდენიმე მოთამაშეს შეელია, მაგრამ გიორგი გულიაშვილი გუნდში რჩება #1TVSPORT
„სარაევომ“ საგაზაფხულო სეზონისთვის მზადება დაიწყო და რამდენიმე ფეხბურთელს შეელია, თუმცა გიორგი გულიაშვილი ამ ეტაპზე გუნდში რჩება, – ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა „ფაქტორი“ ავრცელებს.
„„სარაევოს“ ფეხბურთელები სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგნენ. 16 იანვარს გუნდი ამხანაგურ მატჩს გამართავს „ფამოსა გრასნიცასთან“, რის შემდეგაც თურქეთში გაემგზავრება.
ანტალიაში ოთხი ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი – ლუგანსკის „ზორიასთან“, „დუნაისკა სტრედასთან“, „შკენდიასთან“ და უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან, „ჩერკასთან“. სამშობლოში გუნდი პირველ თებერვალს დაბრუნდება.
რაც შეეხება შემადგენლობას, ცვლილებები გარდაუვალია. კარლო ბუტიჩი, ედინ იულარჯია და გრიგორე ტურდა „სარაევოს“ დატოვებენ. გიორგი გულიაშვილი კი გუნდის წევრად რჩება“, – წერია „ფაქტორში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
გიორგი გულიაშვილის მიმართ ინტერესს შვედური აიკ-ი იჩენდა, თუმცა, როგორც გაირკვა, კლუბმა ბოსნიურ მხარესთან სატრანსფერო ფასზე შეთანხმება ვერ შეძლო.