საფეხბურთო კლუბი „არაგვი“ ეროვნულ ლიგაში გადასვლას უმიზნებს - გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „არაგვი“ ეროვნულ ლიგაში გადასვლას უმიზნებს - გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „არაგვი“, რომელიც საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში წელს გადავიდა, ახალი სეზონისთვის ემზადება. სართიჭალაში „არაგვმა“ თბილისის „ლოკომოტივთან“ ამხანაგური მატჩი გამართა და 3:2 გაიმარჯვა.

„არაგვიდან“  დუბლი თენგიზ ბრეგვაძემ შეასრულა, ერთი გოლი კი პაატა კიტეიშვილმა გაიტანა. „ლოკომოტივიდან“ შეხვედრაში ორი გოლი ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა.

„არაგვი“ გაძლიერდა და ეროვნულ ლიგაში გადასვლას უმიზნებს. გუნდის შემადგენლობაში ბევრი ახალწვეულია. „არაგვში“ გააგრძელებს კარიერას ეროვნულ ლიგაში და ევროსარბიელზე თამაშის გამოცდილების მქონე 34 წლის ცენტრალური მცველი დავით მაისაშვილი. გუნდს ასევე ეროვნული ლიგიდან შეუერთდნენ: საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე (ქობულეთის „შუქურა“), დავით კირკიტაძე („სამტრედია“), „თელავის“ ყოფილი თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი და მარცხენა მცველი ანდრო ნემსაძე („გაგრა“).

„არაგვში“ მარტვილის „მერანიდან“ გადავიდნენ მეკარე ლუკა ნანავა, კიჭი მელიავა, ლაშა ჯღამაია და ლევან წოწონავა, ხობის „კოლხეთიდან“ – გურამ ადამაძე, გიგა წურწუმია, გიგა ამბროლაძე და ოთარ ტორაძე, საგარეჯოს „გარეჯიდან“ – ნიკოლოზ აფაქიძე, „სპაერიდან“ – კობა ქებურია, ფოთის „კოლხეთიდან“ – ნიკოლოზ გაბელაია, ტყიბულის „მეშახტიდან“ – გიორგი გეგია, ხოლო ბოლნისის „სიონიდან“ – თორნიკე მუმლაძე.

„არაგვში“დაასრულა საფეხბურთო კარიერა თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა, რომელსაც არაერთ წამყვან ქართულ გუნდში უთამაშია და საქართველოს ნაკრების წევრი იყო. მან კარიერა 1999 წელს „ოლიმპიკში“ დაიწყო.

ტატანაშვილი არის საქართველოს ჩემპიონი (2013), საქართველოსა (ოთხჯერ) და ჩეხეთის თასის გამარჯვებული, ასევე საქართველოს სუპერთასის (სამჯერ) მფლობელი.