საფეხბურთო კლუბების ასოციაციის თავმჯდომარე - პროფლიგა ამბიციური პროექტია და სერიოზული მომზადება სჭირდება #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბების ასოციაციის თავმჯდომარე - პროფლიგა ამბიციური პროექტია და სერიოზული მომზადება სჭირდება #1TVSPORT

„სპორტული კლუბების ასოციაციის მიზანი პროფლიგის ჩამოყალიბებაა, რაც საკმაოდ ამბიციური პროექტია და ამ საკითხს სერიოზული მომზადება სჭირდება“, – ამის შესახებ „სამგურალის“ პრეზიდენტმა, მიხეილ იაშვილმა ისაუბრა, რომელიც ქართული საფეხბურთო კლუბების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასოციაციის თავმჯდომარეა.

მან ასოციაციის გეგმებზე ისაუბრა და ის პირობები დააკონკრეტა, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნების წინაპირობა უნდა გახდეს.

„პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და ლევან კობიაშვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევას მივულოცავ. ვფიქრობ, მისი მოღვაწეობის შემდეგი ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

რაც შეეხება სპორტული კლუბების ასოციაციას და მის მიზნებს, პროფლიგის ჩამოყალიბება ამბიციური პროექტია და ამ საკითხს სერიოზული მომზადება სჭირდება. კლუბების ასოციაცია მთელი წლის განმავლობაში სფფ-ს ხელმძღვანელობასთან ერთად ვმსჯელობდით ამ საკითხზე.

ლევან კობიაშვილი ინტერვიუშიც შეეხო ამ თემას და აღნიშნა, რომ ფედერაციასა და კლუბების მხრიდან აღნიშნული პროექტის განხორციელების მზაობა არსებობს. ამისთვის ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. უნდა მოიძებნოს სპონსორები, ჩაიდოს ფინანსები, გაუმჯობესდეს მარკენტიგული მხარე, თორემ მატჩების ორგანიზებას და ჩემპიონატების ჩატარებას ფედერაციაც მშვენივრად ართმევს თავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ლიგამ ფინანსები მოიზიდოს, კერძო კომპანიები დააინტერესოს და ქართულ კლუბებს მეტი ფინანსური შესაძლებლობები გაუჩნდეთ. ამის გარეშე წინსვლა და ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლა შეუძლებელი იქნება.

მთავარია, ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი გაჩნდეს და ჩვენ ამ საქმეში რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე გვყავდეს. რაც უფრო მეტი სპონსორი გვეყოლება და კლუბებში მეტი თანხა შევა, ეს სპორტულ შედეგზეც პირდაპირპროპორციულად აისახება“.

ქართული კლუბების ასოციაცია 2021 წლის აგვისტოში კერძო კლუბებმა დააფუძნეს – „დინამო თბილისმა“, „ლოკომოტივმა“, „საბურთალომ“, წყალტუბოს „სამგურალმა“ და „გაგრამ“. ორგანიზაციას სამი კლუბი მოგვიანებით შეუერთდა – ბათუმის „დინამო“, ქობულეთის „შუქურა“ და „რუსთავი“.