საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ აკადემიას პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეში უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ბრუნო ფერნანდეში „გონიოს“ აკადემიის გენერალური მენეჯერი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „გონიოს“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი დავით დოლიძე ავრცელებს.
ქართული გუნდის ახალი პარტნიორი არ უნდა აგერიოთ პორტუგალიის ნაკრებისა და „მანჩესტერის“ შემტევ ბრუნო ფერნანდეშში. „გონიოს“ აკადემიის გენერალური მენეჯერი 51 წლისაა. მას მადეირაზე ბავშვთა აკადემია აქვს, არის კრიშტიანო რონალდოს ყოფილი მენეჯერის, ჟორჟე მენდეშის უახლოესი მეგობარი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიშტიანოსა და მენდეშის თანამშრომლობის დაწყებაში.
„ტრადიცია, გამოცდილება, უახლოესი კონტაქტები მსოფლიოს ფეხბურთის გიგანტებთან და გამარჯვებულის მენტალიტეტი! დღეს ჩვენი გუნდის მენეჯერად მოგვევლინა ადამიანი, რომელმაც პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა – ბრუნო ფერნანდეში!
„გონიოს“ აკადემია ახალ, ამბიციურ ფურცელს შლის – „მარიტიმუს“ სიმბოლო და „პორტუს“ ტრიუმფატორი! ბრუნო არ არის უბრალოდ მწვრთნელი, ის არის „მარიტიმუს“ ნამდვილი ლეგენდა, რომელიც წლების განმავლობაში ამაყად ატარებდა 10-ნომრიან მაისურს და მოედანზე ნამდვილ მაგიას ქმნიდა.
მისი კარიერა დიდების მწვერვალია: პორტუგალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ასევე უეფა-ს თასის გამარჯვებული „პორტუსთან“ ერთად. ადამიანი, რომელმაც იცის, რას ნიშნავს დიდი გამარჯვებები ევროასპარეზზე. ჩვენი ამბიცია კი „გონიოში“ ევროპული სტანდარტის დანერგვაა.
მიზანი მარტივია – შევქმნათ გარემო, სადაც ნიჭიერი ქართველი ბავშვები ევროპული ფეხბურთის სულს ეზიარებიან. ბრუნო ფერნანდეშს ჩამოაქვს ის ცოდნა და დისციპლინა, რომლითაც პორტუგალიამ მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი აჩუქა.
ჩვენ არ ვჯერდებით მცირედს. ჩვენ გვინდა მაქსიმუმი. ბრუნოს ხელმძღვანელობით, „გონიოს“ აკადემია ხდება ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა, ხოლო ლოკალური ნიჭი საერთაშორისო მასშტაბებს შეიძენს. მოგესალმებით, მაესტრო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „გონიოს“ ოჯახში“, – ამბობს „გონიოს“ პრეზიდენტი.
დავით დოლიძის თქმით, მოლაპარაკებებში მონაწილეობდა მათი ყოფილი კოლეგა, ამჟამად საფეხბურთო მენეჯერი გეგი კიკაბიძე:
„ბრუნო ვერ გახდებოდა „გონიოს“ და ქართული ფეხბურთის ნაწილი, რომ არა ჩვენი მეგობარი მენეჯერები – გეგი კიკაბიძე და პაულო ანდრადე ფარია! ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთ. ჩვენ ვიწყებთ! ვიწყებთ გულით და სულით! ვიწყებთ ბათუმისთვის, აჭარისთვის, საქართველოსთვის“.
„მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი გამოცდილება თითოეულ ახალგაზრდას გადავცე და ერთად ავაშენოთ აკადემია, რომელიც მომავალ ჩემპიონებს გაზრდის“, – ეს ბრუნო ფერნანდეშის სიტყვებია.