საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა არ გარდაცვლილა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია #1TVSPORT
საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა არ გარდაცვლილა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია #1TVSPORT

იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო აგენტის მინო რაიოლას გარდაცვალების შესახებ.

იანვარში დაიწერა მილანის კლინიკაში რაიოლას ჰოსპიტალიზაციის შესახებ, მაგრამ მაშნ აგენტის ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რომ მან ჩვეულებრივი სამედიცინო შემოწმება გაიარა ყოველგვარი საგანგებო ჩარევის გარეშე.

რაიოლას კლიენტებს შორის არიან საფეხბურთო ვარსკვლავები – ჯანლუიჯი დონარუმა, ერლინგ ჰალანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მატეის დე ლიგტი და პოლ პოგბა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციიდან ცოტა ხანში რაიოლას მარჯვენა ხელმა ხოსე ფორტეს როდრიგესმა უარყო აგენტის გარდაცვალების ცნობა.

„ის ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ არ მომკვდარა“, – განაცხადა როდრიგესმა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტმა ტარიკ პანიამაც დაადასტურა ეს: „ახლახანს ველაპარაკე ცნობილ ბრიტანელ აგენტსა და რაიოლას ახლო მეგობარს. მან თქვა, რომ ის არ მომკვდარა, მაგრამ ძალიან ავადაა“.

მილანის საავადმყოფოს ექიმმა ალბერტო ზანიგრილიომ განაცხადა, რომ რაიოლა სიცოცხლისთვის იბრძვის. „აღშფოთებული ვარ ფსევდოჟურნალისტების ზარებით, რომლებიც ადამიანის სიცოცხლით სპეკულირებენ“, – განაცხადა ექიმმა.