საფეხბურთო აგენტი – ირაკლი აზაროვი აეკ-ს ტრანსფერზე სიტყვიერად შეუთანხმდა #1TVSPORT

09:30, 01.08.2026

ირაკლი აზაროვმა, შესაძლოა, კარიერა საბერძნეთში, ათენის აეკ-ში გააგრძელოს, – დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველზე ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბიან კორიეცი ავრცელებს.

მისი ცნობით, ირაკლი აზაროვი, დიდი ალბათობით, უკრაინის ლიგას დატოვებს და კარიერას ბერძნულ კლუბში გააგრძელებს. ათენის აეკ-მა 24 წლის ფეხბურთელთან წარმატებული მოლაპარაკება უკვე გამართა და სუპერლიგაში გადასვლაზე სიტყვიერი თანხმობაც მიიღო.

„აზაროვთან კონტაქტის შემდეგ ბერძნული კლუბი „შახტართან“ დაკავშირებას გეგმავს, რათა მომავალი შეთანხმების დეტალები განიხილოს. მხარეებს შორის კონტაქტი მალე შედგება“, – ამტკიცებს საფეხბურთო აგენტი.

ცნობისთვის, ირაკლი აზაროვი დონეცკის კლუბს 2023 წლის აგვისტოში შეუერთდა. მან „შახტარში“ 67 მატჩი ჩაატარა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი 2028 წლის ივნისში იწურება, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი