სავალუტო ფონდის პროგნოზით, უკრაინაში ომის გამო 2023 წელს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა სამ პროცენტზე ნაკლები იქნება
სავალუტო ფონდის პროგნოზით, უკრაინაში ომის გამო 2023 წელს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა სამ პროცენტზე ნაკლები იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, უკრაინაში ომის გამო 2023 წელს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა სამ პროცენტზე ნაკლები იქნება. ამის შესახებ განცხადება სავალუტო ფონდის ხელმძღვანლმა, კრისტალინა გეორგიევამ გააკეთა.

მისივე თქმით, გლობალური ეკონომიკა უკვე დიდი ხანია, არასტაბილური მდგომარეობაშია.

„ჩვენ ველოდებით, რომ 2023 წელი კიდევ ერთი რთული წელი იქნება. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დაბალი საპროცენტო განაკვეთებიდან სწრაფმა გადასვლამ გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე, რაც ინფლაციასთან საბრძოლველად არის აუცილებელი, გამოიწვია ტურბულენტობა განვითარებული ეკონომიკის მქონე ზოგიერთი ქვეყნის საბანკო სექტორში და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება კიდევ უფრო გაართულა“, – განაცხადა გეორგიევამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელ სირთულეებთან გამკლავება მხოლოდ თანამშრომლობითა და სოლიდარობით არის შესაძლებელი.

თავის გამოსვლაში გეორგიევამ ისაუბრა გლობალიზაციის უპირატესობებზე, მათ შორის დაასახელა აზიის რეგიონის განვითარება. თუმცა, მისივე თქმით, გლობალიზაციის სარგებელი არ იყო თანაბრად განაწილებული ყველა ქვეყანასა და ხალხზე.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა მოუწოდა სახელმწიფოებს, უფრო მეტად დაეხმარონ საკუთარი მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენის წარმომადგენლებს, ხოლო მდიდარ ქვეყნებს – მხარი დაუჭირონ გლობალური თანამეგობრობის შედარებით სუსტ წევრებს.

„მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში და ბევრი ვალუტის გაუფასურების ფონზე, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რთულ მდგომარეობაში არიან ვალების გამო. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება უფრო სწრაფი და ეფექტური გლობალური მექანიზმი ამ ქვეყნების ვალების პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადა გეორგიევამ.