საერთაშორისო პორტალების შეფასება - მამარდაშვილი „ატლეტიკოსთან“ საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

„ვალენსიაში“, რომელმაც დიეგო სიმეონეს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ლა ლიგის მე-3 ტურის საშინაო მატჩი 0:1 წააგო, საუკეთესო გიორგი მამარდაშვილი იყო – ასეთია საერთაშორისო საფეხბურთო ანალიტიკური ვებგვერდების შეფასება.

საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა ქართველის თამაში 7,1 ქულით შეაფასა, დანარჩენი მოთამაშეებიდან კი საუკეთესო ქულა იუსუფ მსუას დაუწერა – მხოლოდ 6,9 ქულა. კიდევ უფრო უკეთესად მამარდაშვილის თავდადება sofascore-მა დააფასა და გიორგის 7,5 ქულა დაუწერა, როდესაც წინა ხაზის ფეხბურთელებში საუკეთესო ქულა მანაც იუსუფ მუსას (7,3) მიაკუთვნა.

გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ შეუცვლელად ითამაშა და გუნდი რამდენიმეჯერ აშკარა ხიფათისგან გადაარჩინა. „ატლეტიკოსგან“ ქართველ მეკარეს საქმე არ აკლდა. ქართველი მეკარე რამდენიმეჯერ გადაეღობა მეტოქის შეტევებს, გუნდი აშკარა საგოლე მომენტებშიც იხსნა.

მამარდაშვილმა 45+5-ე წუთზე გუნდი გადაარჩინა, რომელმაც პირისპირ გასულ მორატას დარტყმაზე ჩინებული რეაქცია გამოავლინა. მართალია, 66-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაუტანა, მაგრამ ამაში ქართველი კიპერის ბრალი ნამდვიალდ არ იყო.

გიორგიმ ბოლო წუთებზე „ვალენსია“ დიდი ანგარიშით მარცხისგან კიდევ გადაარჩინა – 89-ე წუთზე იანიკ კარასკოს გასროლას გადაეფარა, ხოლო ერთ წუთში გრიზმანს აუღო.