საერთაშორისო მედია იუწყება, რომ თურქეთი აზერბაიჯანის დასახმარებლად სირიელ მებრძოლებს აგზავნის, აზერბაიჯანში ინფორმაციას უარყოფენ
საერთაშორისო მედია იუწყება, რომ თურქეთი აზერბაიჯანის დასახმარებლად სირიელ მებრძოლებს აგზავნის, აზერბაიჯანში ინფორმაციას უარყოფენ

თურქეთი აზერბაიჯანის დასახმარებლად სირიელ მებრძოლებს აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას, ორ სირიელ მებრძოლზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„წასვლა არ მინდა, მაგრამ ფული აღარ მაქვს. ცხოვრება რთულია“, – განაცხადა ერთ-ერთმა მებრძოლმა „როიტერთან“ საუბრისას.

ორივე მამაკაცი აცხადებს, რომ მეთაურები, წასვლის შემთხვევაში, თვეში 1500 დოლარს დაჰპირდნენ, რაც სირიისთვის საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა. „როიტერთან“ საუბრის დროს მებრძოლებმა ასევე განაცხადეს, რომ აზერბაიჯანში არა საბრძოლველად, არამედ ობიექტების დასაცავად მიემგზავრებიან.

„როიტერის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნის თემაზე კომენტარი გააკეთა მოსკოვში სომხეთის ელჩმაც , რომელმაც განაცხადა, რომ თურქეთმა აზერბაიჯანში სირიის ჩრდილოეთ რეგიონებიდან დაახლოებით 4 000 მებრძოლი გაგზავნა.

გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე უარყოფს. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა თურქეთში.