საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო - ნავთობის მაღალი ფასი მომხმარებელს აზარალებს და საწვავზე მოთხოვნას ამცირებს
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო - ნავთობის მაღალი ფასი მომხმარებელს აზარალებს და საწვავზე მოთხოვნას ამცირებს

ნავთობის მაღალი ფასი მომხმარებელს ზარალს აყენებს და შესაძლოა, ნავთობის წარმოებაზე უარყოფითად აისახოს, – ასეთი განცხადება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა სინგაპურში მიმდინარე ენერგეტიკულ კონფერენციაზე დღეს გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მართალია, მიმდინარე თვეში ნავთობის ფასი შედარებით შემცირდა, მაგრამ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ფასის ზრდამ უკვე 15 პროცენტი შეადგინა. ეს უკვე აისახა ინდოეთსა და ინდონეზიაზე. შესაბამისად, გაიზარდა ფასი საწვავზე, რასაც მოჰყვა გარკვეული ვალუტების გაუფასურება, ამ ფაქტორმა კი ეკონომიკის ზრდა შეაფერხა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელის აზრით, ნავთობის მაღალი ფასი უარყოფითად აისახა გარკვეული ქვეყნების მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე.

„ნავთობის მოთხოვნის ზრდაზე უარყოფითად ორი ფაქტორი მოქმედებს. ერთია ნავთობის მაღალი ფასი, რაც ბევრ ქვეყნაში პირდაპირ არის მიბმული სამომხმარებლო ფასებზე. მეორე უარყოფითი ფაქტორია გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება,“- განაცხადა ბიროლმა.

მიუხედავად ორმაგი წნეხისა, ბიროლი საწვავის მოხმარების ზრდას პროგნოზირებს.

მისი განმარტებით, საწვავზე მოთხოვნის ზრდას ვერც ელექტრომობილების ბაზრის ზრდა შეაჩერებს, რადგან ამ სექტორში აქტივებს პეტროქიმიკატებისა და მაღალი ხარისხის საწვავის მწარმოებელი კომპანიები ფლობენ.

წიაღისეულის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანიის, BHP Billiton-ის პროგნოზით, რომელიც აქტივებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიაშიც ფლობს, მიუხედავად ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნისა, გლობალურ დონეზე მოთხოვნა ნავთობზე მაინც გაიზრდება. აღნიშნული კომპანიის ინფორმაციით, მომდევნო 10-15 წელიწადში ნავთობზე მოთხოვნა წელიწადში საშუალოდ ერთი პროცენტით გაიზრდება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება რომ მოხდეს, ნავთობის წარმოებაში ინვესტიციებიც უნდა გაიზარდოს.
ბიროლის აზრით, მოთხოვნის ბუმი იქნება გათხევადებულ ბუნებრივ აირზე. მისი აზრით, ეს ინდუსტრია 2023 წლისთვის მესამედით გაფართოვდება და დღიური წარმოება 500 ათას კუბურ მეტრს მიაღწევს.

ამ მოთხოვნის 60 პროცენტს კი, ხუთი წლის თავზე სამი ქვეყანა, ყატარი, ავსტრალია და აშშ დააკამყოფილებს.

გათხევადებულ აირზე მოთხოვნის ბუმს ძირითადად, ჩინეთში ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანიები შეუწყობს ხელს, რადგან ამ ქვეყანაში მასიურად ხდება ქვანახშირის ჩანაცვლება ბუნებრივი აირით. გათხევადებულ აირზე მოთხოვნა გაიზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც.

ბიროლის პროგნოზით, გათხევადებულ აირს დიდ კონკურენციას გაუწევს განახლებადი ენერეგიისა და ტექნოლოგიის სექტორებიც, რომელიც გარემოსთვის უფრო უსაფრთხოა ვიდრე ბუნებრივი აირი. თანაც ეს ორივე კომპონენტი სულ უფრო და უფრო იაფდება. ბიროლის ინფორმაციით, მრავალ ქვეყნაში მზის ენერგია ელექტროენერგიის ყველაზე იაფი წყარო გახდა.