საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევს, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევს, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ

ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევენ, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშში, რომელიც კვარტალში ერთხელ ქვეყნდება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირში 9-13 პროცენტით უნდა შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება, რათა 2022 წლის ნოემბერში რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, საცავებში არსებული მარაგი არ ამოიწუროს.

სააგენტოს გათვლებით, თუ ევროკავშირის ქვეყნები შეძლებენ ბუნებრივი აირის მოხმარების 13 პროცენტით შემცირებას, მაშინ საცავებში ბუნებრივი აირის მარაგის შევსების ნიშნულს 33 პროცენტზე შეინარჩუნებენ. მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი ასევე ითვალისწინებს გათხევადებული გაზის მიწოდების შემცირებას.

ამასთან, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ევროპაში გაზზე მოთხოვნა თითქმის 10 პროცენტით შემცირდა.

რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების ფონზე ევროპაში გათხევადებულ გაზზე მოთხოვნა გაზრდილია. ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში გათხევადებული გაზით ვაჭრობის მოცულობამ მსოფლიოში ექვსი პროცენტით მოიმატა.