სადებიუტო მატჩი „კოპენჰაგენში“ – ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა [ვიდეო] #1TVSORT
დათა ხოჭოლავამ „კოპენჰაგენში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა – დანიის ჩემპიონატის ქართველის გუნდმა „ორჰუსი“ მიიღო და ფრეს დასჯერდა.
ეს იყო დანიის სუპერლიგის პირველი ტურის შეხვედრა, „კოპენჰაგენმა“ „ორჰუსი“ მიიღო. ხოჭოლავა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მე-18 წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
ანგარიში 37-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა ლოუკა პლიპმა გახსნა. ერთ წუთში წონასწორობა პოლონელმა ლეგიონერმა კამილ ვილჩეკმა აღადგინა, ხოლო 47-ე წუთზე მოჰამედ დარამიმ „კოპენჰაგენი“ დააწინაურა. მაგრამ 69-ე წუთზე კასპერ კუსკმა მასპინძლებს მეორედ გაუტანა.
73-ე წუთზე დაცვაში ხოჭოლავას მეწყვილე, ცენტრალური მცველი ნიკოლა ბოილესენი მოედნიდან გააძევეს და „კოპენჰაგენმა“ სეზონის მოგებით დაწყების შანსი ხელიდან გაუშვა. საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა.
https://www.youtube.com/watch?v=EPDZZH0J9vA
შემდეგ მატჩს „კოპენჰაგენი“ ხუთშაბათს, 22 ივლისს ევროპის კონფერენს ლიგაზე გამართავს და ბელარუსულ „ტორპედო-ბელაზს“ „პარკენ-არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო 29 ივლისს არა ბელარუსში, არამედ, ყაზანში ესტუმრება.
ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, კონფერენს ლიგის მე-3 ეტაპზე პლოვდივის „ლოკომოტივისა“ (ბულგარეთი) და „სლოვაცკოს“ (ჩეხეთი) შორის გამარჯვებულებს შეხვდება.