საჩხერის „ჩიხურას“ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსი გაუჩნდა
საჩხერის „ჩიხურას“ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსი გაუჩნდა
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მორიგი შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე საჩხერელებმა უკეთ ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
თბილისის „ლოკომოტივი“ ქულის მოპოვებით ევროპის ლიგის საგზურს გაინაღდებდა. საჩხერელები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ. მაგრამ ამ შეხვედრამ სატურნირო ცხრილში ბევრი რამ არია. სტუმრებმა მეტი მობილიზაცია გამოავლინეს და 31-ე წუთზე ოლეგ მამასახლისის გოლით ანგარიში გახსნეს, ხოლო 47-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ მასპინძელთა კარი მეორედ აიღო.
თბილისის „ლოკომოტივმა“ (49 ქულა) წააგო და ევროპის ლიგის საგზური ვერ გაინაღდა. ეს რამდენიემ ფაქტორზეა დამოკიდებული. ტური კვირას, 10 ნოემბერს, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე დასრულდება, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ გორის „დილას“ (41 ქულა) უმასპინძლებს და ფრეს შემთხვევაში, მეოთხე ადგილს „დილა“ „ლოკომოტივს“ ვეღარ შეეცილება.
მაგრამ მოულოდნელად, თბილისელთა კონკურენტი საჩხერეს „ჩიხურა“ გახდა. სოსო ფრუიძის გუნდმა 44 ქულა დააგროვა, ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და პლუს, „ლოკომოტივთან“ სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა – რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე საჩხერელებს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსი გაუჩნდათ, რადგან თეორიულად, შესაძლოა, „ლოკომოტივს“ გადაასწრონ.