საჩხერელებმა მეხუთე ტურში პირველად გაიმარჯვეს | კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 

19:18, 30.03.2019

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მეხუთე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. „მიხეილ მესხზე“ საჩხერეს „ჩიხურამ“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ანგარიში მეშვიდე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ გახსნა, რომელმაც 31-ე წუთზე საგოლე გადაცემით ირაკლი ლექვთაძეს გაატანინა. მალევე, დემურ ჩიხლაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ბოლნისელთა თავდამსხმელმა ვილი ისიანმა ჩაჭრა.

37-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად თავადვე აქცია და „ჩიხურას“ უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა. სარდალიშვილმა 71-ე წუთზე ბოლნისელთა კარი მეხუთედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ჩიხურამ 5:0 გაიმარჯვა.

ეს მიმდინარე სეზონში საჩხერელეთა პირველი გამარჯვება იყო, რომლითაც გუნდმა „ვიტ ჯორჯიას“ გადაასწრო და მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა.

მსგავსი