საჭადრაკო ოლიმპიადის მეოთხე ტურის მიმოხილვა
საჭადრაკო ოლიმპიადის მეოთხე ტურის მიმოხილვა

ბათუმში მიმდინარე რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დღეს მეოთხე ტურის პარტიები გაიმართა. საქართველოს ქალთა პირველმა ნაკრებმა დღეს ვიეტნამის გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და 3:1 მოიგო.

პირველ და მესამე დაფებზე წარმატებით ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა იასპარეზეს. ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ კი ყაიმები დააფიქსირეს. მეორე გუნდის წევრებმა უნგრელ მოჭადრაკეებთან 2,5:1,5 მოიგეს. მელიამ პარტია დათმო, გვეტაძემ და ხუხაშვილმა გამარჯვებები იზეიმეს, ხოლო მიქაძემ მეტოქესთან ქულა გაიყო.

საქართველოს ქალთა მესამე ნაკრებმა კი ავსტრალიასთან 1:3 წააგო.

ასეთივე ანგარიშით 1:3 დაასრულა პარტია საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა, რომელიც მეოთხე ტურში ლიეტუვის ნაკრებთან დამარცხდა. საქართველოს მეორე გუნდის წევრებმა ავსტრალიასთან ყაიმი გააფორმეს. მოგებები პაიჭაძისა და სანიკიძის ანგარიშზეა, მაღალაშვილმა და ყუფარაძემ კი პარტიები წააგეს.

საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრებმა მაროკოს გუნდს 3:1 სძლია. თუთუსანმა და ობოლაძემ პირველ-მეორე დაფებზე ყაიმები გააფორმეს, კაჭარავამ და სიბაშვილმა კი მეოთხე ტურში გამარჯვებები იზეიმეს.

ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრები 27-ე ადგილზეა, ეროვნული გუნდი 49-ე, ხოლო მორე ნაკრები 52-ე ადგილზეა. ხვალ მეხუთე ტურში პირველი ნაკრების წევრები ბრაზილიის, მეორე გუნდი მონღოლეთის ხოლო მესამე ყირგიზეთის ნაკრების მეტოქე იქნება.

საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ხვალ უკრაინის, მეორე გუნდი თურქეთის, ხოლო მესამე ნაკრები ფინეთის გუნდის მეტოქეა.

ეროვნული გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე, მეორე მეცხრე მესამე კი 45-ე ადგილზეა.