„საბურთალოს“ ზედიზედ მესამე მარცხი - „დინამომ“ ლეგიონერების გოლებით მოიგო #1TVSPORT
„საბურთალოს“ ზედიზედ მესამე მარცხი - „დინამომ“ ლეგიონერების გოლებით მოიგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 23-ე ტური გორში დაიწყო და დღესაც „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაგრძელდა – ამჯერად სტადიონზე მასპინძლის რანგში „საბურთალო“ იყო, რომელიც „დინამო თბილისთან“ 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-20 წუთზე „დინამომ“ გახსნა – საჯარიმოში უსმანე კამარა შევარდა, მცველს გასცდა და შორეულ კარში უძლიერესი დარტყმით ეფექტური გოლის ავტორი გახდა. „დინამომ“ უპირატესობა ექვს წუთში გაზარდა – შეტევა ისევ კამარამ განავითარა და საჯარიმოსთან ულად-ომარ იმრანი მოძებნა, თბილისელთა მაროკოელმა ლეგიონერმა კი მეკარე თორნიკე მეგრელიშვილს ახლო კუთხეში გაუტანა.

„საბურთალომ“ მალე სხვაობა შეამცირა და თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდა. 32-ე წუთზე, ლევან ნონიკაშვილმა მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გიორგი გოჩოლეიშვილი დატოვა და მან მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 1:2.

მეორე ტაიმში „დინამომ“ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ „საბურთალოს“ მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი საიმედოდ თამაშობდა. ბოლოსკენ უფრო მეტად „საბურთალო“ უტევდა და უკანასკნელ წამებზე რეალური შანსი გურამ გოშთელიანმა შექმნა, მაგრამ „დინამოს“ მეკარე დავით კერესელიძემ ურთულესი დარტყმა მოიგერია და გუნდს 3 ქულა შეუნარჩუნა.

23 ტურის შემდეგ „დინამომ“ 47 ქულა დააგროვა და პირველადგილოსან ბათუმის „დინამოსთან“ (53) სხვაობა შეამცირა, „საბურთალომ“ კი ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და 30 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა, მაგრამ ქუთაისის „ტორპედო“ (30) თუ ტურის გასვლით მატჩს „თელავთან“ მოიგეს, თბილისელებს გადაასწრებს.