„საბურთალოს“ პრეზიდენტს რუსთავში ახალი პროექტის განხორციელება სურს - გულშემატკივრების დაკვეთა, სანაკრებო პროგრესის პარალელურად, საკლუბო დონის გაზრდაა #1TVSPORT
„საბურთალოს“ პრეზიდენტს რუსთავში ახალი პროექტის განხორციელება სურს - გულშემატკივრების დაკვეთა, სანაკრებო პროგრესის პარალელურად, საკლუბო დონის გაზრდაა #1TVSPORT

„საბურთალოს“ პრეზიდენტს რუსთავში ახალი პროექტის განხორციელება სურს – გულშემატკივრების დაკვეთა, სანაკრებო პროგრესის პარალელურად, საკლუბო დონის გაზრდაა

რუსთავში ამბიციური საფეხბურთო პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც „საბურთალოს“ უკავშირდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა.

„მიმაჩნია, რომ „საბურთალომ“ საწყის ეტაპზე დასახული ამოცანა შეასრულა – ჩამოვაყალიბეთ ძლიერი საფეხბურთო აკადემია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა კავკასიაში, ნაკრებებს მუდამ ვუზრდით მოთამაშეებს და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებლები ვართ.

– კლუბმა ყველა ქართული ტიტული მოიპოვა, მაგრამ მოდის ზაფხული და, ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ვინ ჩივის, საწყისი ეტაპებიდან ვვარდებით. ეს, იმედგაცრუებასთან ერთად, ყველანაირად დიდი დარტყმაა. ჩვენი გულშემატკივრების დაკვეთა კი ისაა, რომ სანაკრებო პროგრესს ფეხი კლუბებმაც აუწყონ და ევროთასები აგვისტოში აღარ მთავრდებოდეს. საამისოდ ჩემი და „საბურთალოს“ პარტნიორების ინვესტიცია არასაკმარისი იყო. ერთ წრეზე ვტრიალებდით და ვითარება რადიკალურად უნდა შეგვეცვალა. უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკება დავიწყეთ, რომლის მიზანიც კლუბის განვითარების ახალი პროექტის შემუშავება და 3-4 წელიწადში ევროთასების ჯგუფში მოხვედრაა.

– პარტნიორებთან მოლაპარაკებისას ორ შესაძლო ვარიანტზე ვიმსჯელეთ და ვამჯობინეთ, რომ აქცენტი რეგიონზე, რუსთავზე აგვეღო. ბევრს არ ახსოვს, რომ „საბურთალომდე“, 2002 წელს რუსთავის „გორდას“ ვეხმარებოდი. ამ ქალაქს ფეხბურთში კარგი ტრადიციები აქვს, პერსპექტიული ფეხბურთელების საბადოა და მაღალი დონის აკადემიის ჩამოყალიბებაც გვსურს. უმნიშვნელოვანესია გულშემატკივრის ფაქტორიც – რუსთავში ფეხბურთი ძალიან უყვართ. გუნდი პირველ ლიგაში დასარჩენად იბრძოდა და 2-3 ათასი ადამიანი მოდიოდა. მჯერა, რომ ეროვნულ ლიგის ამბიციური გუნდი უფრო მეტს მიიზიდავს. ამის გარეშე საფეხბურთო ზეიმი წარმოუდგენელია. რუსთაველები კი ეროვნულ ლიგაში ამბიციურ გუნდს იმსახურებენ.

– პოტენციური ინვესტორების მხარდაჭერების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომაც დავინახეთ – პროექტის განხორციელებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადგომის დიდი იმედი გვაქვს. ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ვგულისხმობ, რადგან აუცილებელია, რომ სტადიონზე მოსულმა ადამიანებმა თავი კომფორტულ გარემოში იგრძნონ. ამაში გჭირდება სახელწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის თანადგომა. ჩვენ კი ინფრასტრუქტურაში სოლიდური ინვესტიციების ვალდებულებას ავიღებთ. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა და დამატებითი მოტივაციაა. იმედია, უეფა-სთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, იურიდიული საკითხები მალე მოგვარდება, პროექტის განხორციელება კი ქართულ ფეხბურთს და საკლუბო დონეზე კონკურენციის გაზრდას წაადგება“, – ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.