„საბურთალოს“ ორი დანაკლისი - კაკუბავა მალე დაბრუნდება, კოხრეიძეს საზარდული აწუხებს
„საბურთალოს“ ფეხბურთელებმა, „მერანთან“ შეხვედრის დაწყებამდე, გუნდური სურათის გადაღებისას ტრავმირებული თანაგუნდელის, ლევან კაკუბავას 21-ნომრიანი მაისური გამოფინეს და ამით მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
შემდეგ ტურში თბილისური გუნდის მოთამაშეებს უკვე ორი ფორმის გამოფენა მოუწევთ – საქმე ისაა, რომ ეროვნულ ლიგაში ჯერ ორი ტური გაიმართა, თბილისის „საბურთალოს“ კი უკვე ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე დაუშავდა.
ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა გუნდს პირველ ტურში საჩხერეს „ჩიხურასთან“ მატჩის დროს დააკლდა, ხოლო მეორე ტურში, თბილისის „მერანთან“ მოედნის ნაადრევად დატოვება გიორგი კოხრეიძეს მოუხდა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა მოედანი 21-ე წუთზე ექიმების დახმარებით დატოვა.
„საბურთალოს“ პრესსამსახურმა საქართველოს პირველ არხს აცნობა, რომ კაკუბავას კოჭის ტრავმა აქვს, მაგრამ საშიში არაფერია და გამოცდილი მცველი გუნდს დაახლოებით 2 კვირაში შეუერთდება. გიორგი კოხრეიძე კი საზარდულმა შეაწუხა და ექიმები დიაგნოზს ორშაბათს დაუსვამენ.