„საბურთალოს“ მწვრთნელი - „პარტიზანი“ კარგი გუნდია, მაგრამ შევეცდებით დავამარცხოთ #1TVSPORT
„საბურთალოს“ მწვრთნელი - „პარტიზანი“ კარგი გუნდია, მაგრამ შევეცდებით დავამარცხოთ #1TVSPORT

„საბურთალო“ კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „პარტიზანს“ დაუპირისპირდება. მატჩი 7 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბილეთების ფასი სიმბოლური – 1 და 2 ლარია და შეძენა უკვე შესაძლებელია TKT.GE-ზე.

„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი, ლაშა ნოზაძე იმედოვნებს, რომ გუნდი ამ ბარიერის გავლას მოახერხებს:

„საშინაო შეხვედრა გორში უნდა ვითამაშოთ, სადაც თამაშები უკვე ჩავატარეთ. სტადიონი ძალიან ლამაზია და გარემოც მომწონს. მჯერა, ადგილობრივი გულშემატკივრები მოვლენ სტადიონზე ჩვენს გასამხნევებლად და თბილისიდანაც ჩვენი ქომაგები ჩამოვლენ. ალბანური მედია ფავორიტად „პარტიზანის“ მიიჩნევს, მაგრამ მე ჩემი გუნდის მჯერა. – საპასუხო მატჩი ტირანაშია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს „პარტიზანს“ უპირატესობას აძლევდეს. დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება და ეს ფაქტორი გადამწყვეტი ვერ იქნება“, – ამბობს ლაშა ნოზაძე.

„საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა „პარტიზანი“ დაახასიათა: 

„მეტოქე საკმაოდ ძლიერი და ტრადიციული ალბანური გუნდია. ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია. ბევრიც გააქვს და ბევრსაც უშვებს. მაღალ პრესინგით ხშირად არ თამაშობს, მაგრამ „პარტიზანის” შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ცხრა ახალი ფეხბურთელი დაიმატეს და ახლა სლოვენიაში ემზადებიან. ევროთასებზე სისტემატურად თამაშობს. გასულ სეზონში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, მეორეში შვეიცარიულ „ბაზელთან“ დამარცხდა. მეტოქისადმი პატივისცემის მიუხედავად, შევეცდებით, ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ. ფეხბურთელებს გათავისებული აქვთ, რომ ისინი არა მარტო კლუბს, არამედ საქართველოს წარმოადგენენ“.