„საბურთალოს“ მოთამაშე პანდემიის პერიოდზე - ბურთის შეგრძნება ოდნავ დავკარგეთ (ფოტოამბავი)
„საბურთალოს“ მოთამაშე პანდემიის პერიოდზე - ბურთის შეგრძნება ოდნავ დავკარგეთ (ფოტოამბავი)
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ.

სეზონის განახლებისთვის ვარჯიში თბილისის „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა განაახლეს. რაც უნდა უცნაური იყოს, სეზონის შეჩერებამ გუნდის თავდამსხმელ გიორგი კოხრეიძეზე კარგად იმოქმედა.

„ჩემზე ამ პაუზამ კარგად იმოქმედა, რადგან ტრავმა მქონდა და ორი თვე ისედაც მიცდებოდა. ამ პერიოდში ტრავმა მოვირჩინე, მაგრამ ფეხბურთისთვის მთელს მსოფლიოში ცუდი ამბავი მოხდა. ორი თვე რომ ისვენებ, მერე ამდენივე დრო მაინცაა საჭირო, რომ კარგად მოემზადო და კონდიციები დაიბრუნო“, – ამბობს „საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე.

„საბურთალოს“ მცველი დაჩი ცნობილაძე პანდემიის პერიოდის შემდგომ სირთულეებზე ლაპარაკობს: „რაც პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, ამხელა პაუზა არ მახსენდება. შესვენება თითქმის, სამი თვე გამოგვივივიდა. სეზონის დასაწყისი რთული იქნება, მით უფრო, რომ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ რაღაც დოზით მაინც უნდა მოვასწროთ, რომ ტრავმები თავიდან ავირიდოთ“.

გამოცდილი მოთამაშის თქმით, პანდემიის შემდეგ ბურთის შეგრძნება ოდნავ დაიკარგა: „ვარჯიშები რომ განახლდა, ჩემს თავსაც შევნიშნე და თანაგუნდელებსაც – თავიდან ბურთთან ურთიერთობაც გართულებულია, რადგან სახლში ჯდომა დიდი ხანი მოგვიხდა. ვნახოთ, რა იქნება, იმედია, ნელ-ნელა ფიზიკურ კონდიციებსაც აღვიდგენთ და ბურთის გრძნობასაც დავიბრუნებთ და ისეთ ფიზიკურ ფორმაში ვიქნებით, სეზონის ბოლომდე ჩატარება რომ მოვახერხოთ“.