„საბურთალოს“ კაპიტანი გაგი მარგველაშვილი „შერიფთან“ მოგებას იმედოვნებს
„ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მოწინააღმდეგე მოლდოვის „შერიფი“ გამოცდილი კლუბია, რომელიც ევროტურნირებზე სისტემატურად თამაშობს. მაგრამ „საბურთალო“ საკუთარი უპირატესობის გამოყენებას და სასურველი მიზნის მიღწევას შეეცდება“, – ამბობს “საბურთალოს“ კაპიტანი გაგი მარგველაშვილი.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის საუკეთესო გუნდს, ტირასპოლის „შერიფს“ 9 ივლისს სტუმრად შეხვდება, განმეორებითი დაპირისპირება კი თბილისში, 16 ივლისს, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
„საბურთალოს“ ცენტრალური მცველის აზრით, პირველი მატჩის სტუმრად ჩატარება გარკვეული უპირატესობა იქნება.
„ვფიქრობ, მცირე უპირატესობა გაქვს, როდესაც მეორე შეხვედრას საკუთარ კედლებში თამაშობ. პირველი შეხვედრიდან გამომდინარე იცი მეტოქის სათამაშო სტილი, ანგარიში და შესაბამისად მეორე შეხვედრაში შეგიძლია საკუთარ კედლებში მეტოქეს შენი თამაში მოახვიო“, – აცხადებს „საბურთალოს“ ცენტრალური მცველი.