„საბურთალოს“ ცნობილაძე ტრავმის გამო გამოაკლდა #1TVSPORT
„საბურთალოს“ ცნობილაძე ტრავმის გამო გამოაკლდა #1TVSPORT

საქართველოს თასის ნახევარფინალში „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება, რომელსაც ხვიჩა შუბითიძის გუნდი ეროვნული ლიგის უახლოეს ტურში, 1 ნოემბერს ბათუმშიც ესტუმრება.

ამ მნიშვნელოვან შეხვედრებში და სავარაუდოდ, კიდევ ნახევარი წელი გუნდს ვერ დაეხმარება ცენტრალური ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძე – საქმე ისაა, რომ „საბურთალოს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე საოპერაციოა.

„ჩვენი გუნდის ფეხბურთელი და ვიცე-კაპიტანი, დაჩი ცნობილაძე, „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ მატჩში დაზიანდა და მოედანი ნაადრევად დატოვა. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, დაჩის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება აქვს და გუნდს გარკვეული პერიოდით ვერ დაეხმარება“, – წერია „საბურთალოს“ გავრცელებულ ცნობაში.

დაჩი ცნობილაძე 28 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 31-ე ტურში „დინამო თბილისთან“ შეხვედრის დროს დაშავდა. გამოცდილმა მოთამაშემ მოედანი დასაწყისშივე დატოვა, რადგან მე-8 წუთზე ტკივილი იგრძნო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

27 წლის მოთამაშე საქართველოს ასაკობრივი 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების კაპიტანი იყო. გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრებში 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. „საბურთალოში“ 2017 წლიდან გამოდის. ამ პერიოდში გუნდის ფორმა 107 შეხვედრაში მოირგო და 9 გოლი გაიტანა.