„საბურთალოს” ახალწვეული - სამი წლის წინ ჭიაბრიშვილიც მიწვევდა
„საბურთალოს” ახალწვეული - სამი წლის წინ ჭიაბრიშვილიც მიწვევდა

„საბურთალოში” 27 წლის ახალწვეულმა, მცველმა, გიორგი ჯგერენაიამსამტრედიადან” ახალ გუნდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

„სეზონის ბოლოს, „სამტრედიასთან” ხელშეკრულება რომ დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი გავხდი, „საბურთალოს” ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ და გადასვლა შემომთავაზეს. ყველაფერი სწრაფად მოხდა. კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკე, შემდეგ მწვრთნელსაც შევხვდი და გადაწყვეტილება მალე მივიღე. ბიჭები და სამწვრთნელო შტაბი მეგობრულად დამხვდნენ. მთავარ მწვრთნელს ლევან კორღალიძეს უშუალოდ არ ვიცნობდი, თუმცა პირველივე შეხვედრაზე ჩვენ შორის ძალიან თბილი და მეგობრული დიალოგი შედგა. რამდენიმე ფეხბურთელთან ვმეგობრობ – ლაცაბიძე, ერისთავი, გრიგალაშვილი. კაკუბავას მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი. თუმცა ახლა ყველა ახლოს გავიცანი. მიხარია, რომ ასეთ გარემოში მოვხვდი“, – ამბობს გიორგი ჯგერენაია.

მისი თქმით, „საბურთალო” სამი წლის წინაც იწვევდა: „2018 წელს „საბურთალოს” გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობდა. ვიცოდი თბილისური კლუბის ინტერესი, თუმცა იმ დროს „სამტრედიასთან” კონტრაქტი მაკავშირებდა. „საბურთალოში” მაინც ჩავირიცხე და მიხარია, კლუბის წევრი რომ გავხდი. „საბურთალოში” გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მინდა კლუბთან ერთად ევროასპარეზზე ვითამაშო. ძალიან მოტივირებული ვარ. მჯერა, დასახულ მიზნებს მივაღწევთ“.

მან კონკურენტ კლუბებზეც ილაპარაკა: „ჩვენს გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია, გუნდში ერთსულოვნებაა, კარგი შემადგენლობა შევიკრიბეთ და აუცილებლად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ამ შემადგენლობას, მინიმუმ ევროტურნირებისთვის ბრძოლა შეუძლია. საქართველოში ვინც ფიზიკურად უკეთ მოემზადება, წარმატებასაც ის მიაღწევს. კონკურენტებს რაც შეეხება – ბათუმისა და თბილისის „დინამო“, „ლოკომოტივი” და გორის „დილა” იქნებიან“.

დატოვე კომენტარი