საბურთალოს ახალი სპორტული დირექტორი - ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება
საბურთალოს ახალი სპორტული დირექტორი - ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება

„კლუბის ხელმძღვანელობას მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეს. სპორტულ დირექტორად მუშაობა ძალიან დიდი გამოწვევა და პატივია. ამ ნდობის გამართლებას ვეცდები“, – ამბობს ლევან სეთურიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ საბურთალოს სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

28 წლის მენეჯერი საბურთალოში სპორტული საკითხების მიმართულებით იმუშავებს

„კლუბის ხელმძღვანელების ხედვა, ჩემს ხედვებს ემთხვევა და მჯერა, ერთობლივად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ, რომელიც შემდგომ წარმატებებს მოგვიტანს.გარკვეული დრო იტალიაში ვცხოვრობდი. როდესაც იქ კლუბებთან ურთიერთობებს ვამყარებდი, გიორგი ჭიაბრიშვილთან ხშირად მქონდა კომუნიკაცია, ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს. ამ ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მიიღო, რის შემდეგაც მოხდა შემოთავაზება, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი“.

საბურთალოს ახალი სპორტული დირექტორი აქტიურად თანამშრომლობს იტალიის, ესპანეთისა და სხვა წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო წარმომადგენლებთან. მისი თქმით, ამ ურთიერთობებს „საბურთალოს“ სასიკეთოდ გამოიყენებს:

„რა თქმა უნდა. მინდა, ჩემი რესურსი საბურთალოს და აკადემიის გუნდებს მოვახმარო. ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება, თუმცა ყველაფერი ეტაპობრივად გახდება ცნობილი“.

სეთურიძის თქმით, საბურთალოს კიდევ უფრო მეტი პროგრესის იმედი გააჩნია:

„როდესაც საბურთალო ყალიბდებოდა, ამ გუნდში მეც ვთამაშობდი. გუნდი ყოველწლიურად იზრდებოდა, წინსვლა იგრძნობოდა. ჰქონდა გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ყოველთვის ასწრებდა მოვლენებს. საბურთალომ საქართველოში შექმნა უპრეცენდენტო მოვლენა, როდესაც თავისი აღზრდილი ფეხბურთელებით მოახერხა პირველი ლიგიდან უმაღლესში გადასვლა. ახლა საბურთალო განვითარების ახალ ეტაპზე დგას. წინ დიდი გამოწვევებია, რომელსაც ვფიქრობ ღირსეულად გაართმევს თავს“.