„საბურთალომ“ საქართველოს ჩემპიონის ფარი ჩაიბარა [ვიდეო]

„საბურთალოს“ საქართველოს ჩემპიონის ფარი გადაეცა. ეროვნული ლიგის 35-ე ტურში საჩხერეს „ჩიხურასთან“ ფრედ, 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ახალ ჩემპიონს პრიზი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა და „საბურთალომ“ ეროვნული ლიგის თასი ჩაიბარა. საქართველოს ახალმა ჩემპიონმა წარმატებას ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, თბილისის „დინამოსთან“ გამარჯვებით გახდა.

მსგავსი სიმბოლური პრიზის გადაცემა ყველა ცნობილ ლიგაში დამკვიდრებული წესია, საქართველოში კი ეს პირველად 2017 წლის სეზონში მოხდა. მაშინ ეროვნული ლიგის გამარჯვებულის ჩემპიონის ფარი, ქუთაისის „ტორპედოს“ გადაეცა.

ჩემპიონის ფარზე 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ყველა ჩემპიონი კლუბის სახელია ამოტვიფრული. ჯილდო, ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს; ხევსურული ფარი დაცვის გარდა, შეტევის ფაზაშიც იმავე წარმატებით გამოიყენებოდა; ავტორთა განმარტებით, ამ ფუნქციური ბალანსით, „საჩემპიონო ფარი“ ფეხბურთს და ზოგადად, გუნდური შეჯიბრების ხასიათს კარგად ასახავს.