„საბურთალომ“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:3 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა
„საბურთალომ“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:3 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ მოლდოვურ შერიფს“ დაუპირისპირდა. თბილისურმა კლუბმა გასვლაზე მატჩი ანგარიშით 3:0 მოიგო და თითქოს მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ განმეორებითი შეხვედრის პირველ 11 წუთში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

შერიფმა“ მასპინძლებს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა და სწრაფი გოლი „საბურთალოს“ ლირიდონ ლატიფიმ, მესამე წუთზევე გაუტანა. ხუთ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს სახიფათოდ და მარგველაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. „საბურთალოს“ შოკიდან გამოსვლა აშკარად გაუჭირდა და მე-11 წუთზე მესამე გოლიც მიიღო. ამჯერად თავი რობერტ ტამბემ გამოიჩინა. ტაიმის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და უფრო მწვავედ უტევდნენ. 59-ე წუთზე „საბურთალოს“ მორიგი შეტევა როლოვიჩის შედეგიანი დარტყმით დასრულდა, საგოლე გადაცემა კი ლაკვეხელიანმა გააკეთა – 1:3. 71-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა პალჩიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „შერიფი“ კაცნაკლული დარჩა.


77-ე წუთზე როლოვიჩის ნაცვლად მოედანზე შემოსულ გიორგი გაბედავას მეორე გოლის გატანის შანსი მიეცა. კუთხურის შემდეგ მან ბურთზე თამაში ყველას დაასწრო, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. ზუსტად ერთ წუთში სახიფათო საჯარიმოს შემდეგ „საბურთალო“ მიგინეიშვილმა გადაარჩინა, რომელმაც ბურთი ცალი ხელით მოიგერია. მსაჯმა ძირითად დროს ექვსი წუთი დაამატა. მესამე დამატებულ წუთზე კოხრეიძემ იაქტიურა ფლანგზე და დიასამიძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ერთი დარტყმით შეეძლო, თუმცა ეს იდეალური შანსი ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში, „საბურთალომ“ 4:3 მოიგო და მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი