„საბურთალომ“ ოქროს ქულები დაკარგა
„საბურთალომ“ ოქროს ქულები დაკარგა

საბურთალომ“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და არაერთი რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად, მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო.

ეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მე-17 ტურის ბოლო მატჩი იყო, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს შეეძლო. მატჩის დასასრულს, „საბურთალომ“ მეტოქეს შტურმი მოუწყო, მაგრამ ლადო დვალიშვილმა სამი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

საბურთალომ“ ოქროს ქულები დაკარგა – მოქმედმა ჩემპიონმა 17 ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ (37 ქულა) უკვე ორი ქულით ჩამორჩა, საჩხერეს „ჩიხურამ“ კი (23 ქულა) მეხუთე ადგილი დაიბრუნა.

ამის შემდეგ სანაკრებო თამაშების გამო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორკვირიანი პაუზაა. მე-18 ტურის მატჩები კი 14 და 15 ივლისს ჩატარდება.