საბურთალომ მოგება გაიხსენა
საბურთალომ მოგება გაიხსენა

„საბურთალო“ საჩხერის „ჩიხურას“ ესტუმრა და გასვლაზე მნიშნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 26-ე ტურის ეს შეხვედრა ივანწმინდაში გაიმართა და დაძაბულად მიმდინარეობდა. შეხვედრის ბედი 85-ე წუთზე გადაწყდა: საჩხერელთა კარი „ჩიხურას“ ყოფილმა თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა აიღო – 0:1.

საჩხერელები შეხვედრის გადარჩენას შეეცადნენ და მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ 90-ე წუთზე მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა ბაქარ მირცხულავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. საინტერესოა, რომ საჩხერელთა მცველს წითელი ბარათი გოლის ავტორის, ტატანაშვილის წაქცევისთვის აუფრიალეს და საბოლოოდ, „საბურთალომ“, ორი წაგების შემდეგ მოგება გაიხსენა.

26 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ – 59 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და თბილისის „დინამოს“ ისევ ოთხი ქულით გაასწრო, ხოლო „ჩიხურა“ 41 ქულით ისევ მეოთხეზეა და დიდია ალბათობა იმისა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ (40 ქულა) გადაასწრებს.