„საბურთალომ“ კრისტალბეთლიგის ლიდერობა დაიბრუნა - შინდაგორიძე ბომბარდირებში დაწინაურდა
„საბურთალომ“ კრისტალბეთლიგის ლიდერობა დაიბრუნა - შინდაგორიძე ბომბარდირებში დაწინაურდა

„საბურთალომ“ თბილისის „დინამო“ დაამარცხა და „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ ლიდერობა დაიბრუნა.

მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო. გათამაშების ლიდერი „საბურთალო“ მეხუთე ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ მასპინძლობდა, ქულები კი ორივე გუნდს სჭირდებოდა.

შეხვედრის ბედი მატჩის მიწურულს გადაწყდა. ლაშა შინდაგორიძემ ორი თითქმის ერთნაირი გოლი გაიტანა და ორივე ძალიან ეფექტური: 67-ე წუთზე „საბურთალოს“ თავდამსხმელმა საჯარიმოს კუთხიდან „ცხრიანში“ დაარტყა და „დინამოს“ მეკარე ხოსე პერალესს შანსი არ დაუტოვა. 75-ე წუთზე კი საჯარიმოს ცენტრიდან ასევე მაღალ კუთხეში გაისროლა და მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ პრინციპულ მეტოქესთან სამი ქულა მოუტანა 2:0.

„საბურთალომ“ 30 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამო“ (28) ისევ უკან ჩამოიტოვა. თბილისის „დინამო“ კი 20 ქულით მისთვის უჩვეულო, მეხუთე ადგილზეა.

გუნდის დახმარებით ლაშა შინდაგორიძემ საკუთარი საქმეც გააკეთა. მის ანგარიშზე უკვე ცხრა გოლია და ბომბარდირთა დავაში 8-8 გოლის გამტან ბუდუ ზივზივაძეს („ტორპედო“) და ჯაბა უგულავას („სიონი“) გადაასწრო.