„საბურთალომ“ ისევ სამი გოლი გაიტანა და მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
„საბურთალომ“ ისევ სამი გოლი გაიტანა და მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-12 ტური ანგისაში გამართული მატჩით დაიწყო – ქობულეთის „შუქურამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დრამატულ დაპირისპირებაში 2:3 დამარცხდა.

ბათუმის „დინამოს“ ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში „საბურთალოს“ თავდამსხმელმა, შეიკნე სილამ 23-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გახსნა. მან მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ იური ტაბატაძემ (59-ე წუთზე) პენალტი გამოიყენა და „საბურთალოს“ უპირატესობა გაზარდა. ქობულეთელებმა 69-ე წუთზე დავით მუჯირის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო 72-ე წუთზე „შუქურას“ კაპიტანმა, მიშიკო სარდალიშვილმა წონასწორობა აღადგინა – 2:2.

თამაშის ბედი ლუკა სილაგაძემ გადაწყვიტა. 85-ე წუთზე „საბურთალოს“ შემტევმა საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა და თბილისელებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელებმა სამი გოლის გატანა უკვე ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში მოახერხეს.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ „შუქურა“ ექვსი ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ (22) მესამე პოზიციაზე დაწინაურდა და დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო წყალტუბოს „სამგურალს“ (22), რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს.