„საბურთალომ“ გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გახსნა
„საბურთალომ“ გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გახსნა

„გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ ამიერიდან „საბურთალოში“ 21-ნომრიანი მაისური სამუდამოდ გიორგი შაქარაშვილს მიეკუთვნება და მისი მაისური საკლუბო მუზეუმში შეინახება“, – ეს „საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა იოსებიძის ქუჩაზე გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად დღეს გაიხსნა – გარდაცვლილი ფეხბურთელის სახელი იოსებიძის ქუჩაზე მდებარე „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს მიანიჭეს. გახსნას „საბურთალოს“ ხელმძღვანელები, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაგუნდელები ესწრებოდნენ.

გიორგი შაქარაშვილი „საბურთალოს“ დუბლშემადგენლობის მოთამაშე იყო და მასზე გუნდის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დიდი იმედებს ამყარებდა.

„მშობლებს და ჩვენ ამ ტკივილს ვერაფერი შეგვიცვლის. რაც დრო გადის, ბუნებრივია, ტკივილი არ ნელდება. სტადიონის გახსნა და თითოეული ნაბიჯი, რასაც მის უკვდავსაყოფად გადავდგამთ, მხოლოდ მცირედი ნუგეში და დაფასებაა ამ ანგელოზი ბავშვისა, რომლის დიდი იმედიც გვქონდა. გიორგი იყო და დარჩება ჩვენი ოჯახის წევრად. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ სტადიონზე დაფრთიანდნენ პატარა ფეხბურთელები და იმას მიაღწიონ, რასაც გიორგიმ ვერ მიაღწია. ამით გიორგი და მისი ოჯახი გაიხარებს. და ყველა ის ადამიანი, ვინც განიცდის იმას, რაც მოხდა. ამ სტადიონზე გაზრდილი ფეხბურთელები კი სულ გაიხსენებენ, რომ გიორგის სახელობის სტადიონზე გაიზარდნენ“, – ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.

„საბურთალოს“ პრეზიდენტის თქმით, გარდაცვლილი ფეხბურთელის ხსოვნას პატივს მხოლოდ ამით არ მაიგებენ: „ჩვენ ასევე ვაპირებთ გიორგის სახელობის საერთაშორისო ტურნირი რეგულარულად ჩავატაროთ, სადაც ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს ექნება თავის წარმოჩენის საშუალება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია – ამიერიდან 21-ნომრიანი მაისური წარწერით „შაქარა“ (რომლითაც გიორგი „საბურთალოში“ თამაშობდა) საკლუბო მუზეუმში გამოეფინება და ყველას ეცოდინება, რომ „საბურთალოში“ ეს ნომერი მას ეკუთვნის, ჩვენთან ერთად თამაშობს და ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს. წელს ნომრის ამოღება შეუძლებელია, რადგან რეგულაციებით ნომრის შეცვლა არ შეიძლება. მომავალი წლიდან კი „საბურთალოს“ მთავარ და ყველა ასაკობრივ გუნდში ამ ნომრით აღარავინ ითამაშებს“.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, 18 ივნისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 22 ივნისს კი, გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.