„საბურთალომ“ ცოტნე კაპანაძე დაიბრუნა, გიორგი კვერნაძე ბათუმში გაუშვა #1TVSPORT
თბილისის „საბურთალომ“ „თელავში“ იჯარით გაშვებული ორი ფეხბურთელიდან ერთი დაიბრუნა, ხოლო მეორე სხვა გუნდში გაუშვა, – ინფორმაციას გერმანული ვებგვერდი „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
კვერნაძის ამბავი ცნობილი იყო – „ნაპოლის“ ყურადღების ცენტრში მოხვედრილი 19 წლის თავდამსხმელი ახალი სეზონიდან ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავს. გიორგი კვერნაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, შეთანხმების მიხედვით, „საბურთალო“ მისი შემდგომი ტრანსფერიდან გარკვეულ თანხას მიიღებს.
რაც შეეხება „თელავში“ ასევე იჯარით ნათამაშებ ცოტნე კაპანაძეს, 21 წლის მცველი „საბურთალოს“ დაუბრუნდა და ახალ სეზონს, სავარაუდოდ, თბილისურ კლუბში ჩაატარებს. კაპანაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
კვერნაძე და კაპანაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები არიან და, დიდი ალბათობით, ორივე საქართველოში გასამართავ ევრო 2023-ზე ითამაშებს.