„საბურთალომ“ ჭიაბრიშვილს მადლობა გადაუხადა - ჩვენი წარმატებას მის სახელთანაა დაკავშირებული
„საბურთალომ“ ჭიაბრიშვილს მადლობა გადაუხადა - ჩვენი წარმატებას მის სახელთანაა დაკავშირებული

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში „ლოკომოტივთან” 3:1 გამარჯვების შემდეგ, „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდიდან წავიდა.

ახალგაზრდა სპეციალისტმა, რომელსაც უკავშირდება გუნდის ბოლო წლების წარმატებები, ბევრისთვის მოულოდნელი განაცხადა, რომ 6 წლიანი მუშაობის შემდეგ, კლუბს ტოვებდა.

„საბურთალო“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილით, აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს მადლიერებით დაემშვიდობა.

„შესაძლოა, ეს ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება იყო, თუმცა კლუბში ეს ამბავი კარგა ხნის წინ იცოდნენ.
თუ „საბურთალოს“ რაიმე წარმატებას აქვს მიღწეული, სწორედ ჭიაბრიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. გიორგი ჩვენს კლუბში მხოლოდ მთავარი მწვრთნელი არ იყო. ის ყოველთვის ხელს უწყობდა საკლუბო რესურსის ერთ მუშტად შეკვრასა და განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა. მან, ჯერ კიდევ მაშინ ჩაიბარა კლუბი, როდესაც „საბურთალო” ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობდა. მისი ხელმძღვანელობით „საბურთალო“ 2015 წელს ქართულ საფეხბურთო ელიტაში აღზევდა. ამის შემდეგ იყო მცირე პაუზა – ჭიაბრიშვილმა „საბურთალო” დროებით დატოვა, თუმცა სულ მალე კლუბს ახალი მოტივაციითა და დიდი გამოცდილებით დაუბრუნდა. სწორედ, ამის შემდეგ მიაღწია ჩვენმა კლუბმა უდიდეს წარმატებებს” – წერია კლუბის განცხადებაში.

„საბურთალომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის დამსახურებები გაიხსენა და წარმატებები უსურვა: „2018 წელს გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 2019 წელს კი იასპარეზა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბოლო აკორდი „საბურთალოსთან” ერთად საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოგება გახლდათ. აღსანიშნავია, რომ თასის ფინალი ახალგაზრდა სპეციალისტისთვის „საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის რანგში მე-200 მატჩი იყო. დარწმუნებულნი ვართ, გიორგი ჭიაბრიშვილი დარჩება „საბურთალოს” ერთგულ გულშემატკივრად! ჩვენის მხრივ, „საბურთალო” მუდამ იქნება მისი უპირველესი ქომაგი. მადლობა გიორგის გაწეული შრომისთვის და წარმატებები სამწვრთნელო კარიერაში!“.