„საბურთალომ“ ახალწვეულები წარადგინა - ეს ტრანსფერები გასული ევროსეზონის გამოძახილია
„საბურთალომ“ ახალწვეულები წარადგინა - ეს ტრანსფერები გასული ევროსეზონის გამოძახილია
საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ საზოგადოებას კლუბის ახალ ლეგიონერები წარუდგინეს. საუბარი შეეხო უკვე განხორციელებულ, ასევე სამომავლო ტრანსფერებსა და გეგმებს.
 
„საბურთალოს” ახალწვეულები არიან პორტუგალიელი ჟარდელ როდრიგეს ნაზარე – 24 წლის მარცხენა მცველმა კლუბთან ხელი 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა. ამავე ვადით გაფორმდა ხელშეკრულება 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონთან, ჰოლანდიელ მარჯვენა შემტევ ჟეროენ ლუმუსთან და 25 წლის ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველთან, ჯულიუს ბლეიკთან.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: „შარშან ევროსარბიელზე დიდი გამოცდილება მივიღეთ და ეს ტრანსფერები ამის გამოძახილია. ვცდილობთ მსგავსი შეცდომები მომავალში აღარ გავიმეოროთ. ამიტომაა, რომ სატრანსფერო ბაზარზე ვაქტიურობთ. მიხარია, რომ გავრცელებული ინფორმაციები გულშემატკივრებმა დადებითად მიიღეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ, როდესაც ფეხბურთელები წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან ჩამოგვყავს, პორტუგალიიდან და ჰოლანდიიდან. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ტრანსფერებს კიდევ განვახორციელებთ.
მალე კიდევ ერთი ჰოლანდიელის ჩამოყვანას ვგეგმავთ. თუმცა, გუნდის პოლიტიკა უცვლელია – „საბურთალოს“ აკადემია უნდა განვითარდეს და პირველ გუნდს ნიჭიერი ფეხბურთელები უნდა მიაწოდოს. კარგი ლეგიონერების გვერდით ჩვენი ფეხბურთელები უფრო განვითარდებიან. ფეხბურთელებთან მოკლევადიან კონტრაქტებს არ ვაფორმებთ. ყველა მათგანმა 1+1 ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. კიდევ ერთ ჰოლანდიელი იურიხ კაროლინა „საბურთალოში“ ვარჯიშობს, მაგრამ დარჩება თუ არა კლუბში, მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. კარგ ტრანსფერებზე მუშაობას ახლაც და ზაფხულშიც აქტიურად გავაგრძლებთ. მინდა, ჩვენს პარტნიორებს, იმ ადამიანებს მადლობა გადავუხადო, ვინც ტრანსფერების განხორციელებაში გვეხმარება“.
კახა კაშია: „გუნდი მზადების დასკვნით ეტაპზეა გადასული – მალე ესპანეთში კიდევ ერთ შეკრებას გაივლის და ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს. შეხვედრები დაგეგმილია რუსეთის პრემიერ ლიგის „ზენიტსა“ და „ცსკა“-სთან. გადაწყვეტილია ორი მეტოქის ვინაობა – ავსტრიული „ადმირა“ და ესპანეთის სეგუნდა „ბ“-ს „ალკოიანი“.  ჩვენს სამივე ახალწვეულს კარგი საფეხბურთო კარიერა აქვს და მაღალ დონეზე უთამაშიათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე მოქმედი მოთამაშეა და კარიერაში წყვეტა არ ჰქონიათ. ყველა ფეხბურთელის ტრანსფერი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით მოხდა. ისინი გია ცეცაძის სათამაშო გეგმებში ჯდებიან“.