„საბურთალო“ „ზენიტს“ შეხვდება
„საბურთალო“ „ზენიტს“ შეხვდება
„საბურთალო“ ესპანურ შეკრებას განაგრძობს. გია ცეცაძის შეგირდები ექვს თებერვალს მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. ამჯერად, მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის ლიდერი, სანქტ პეტერბურგის „ზენიტი“ იქნება.
 
რაც შეეხება ხვალინდელ მეტოქეს – „ზენიტი“ „უეფა“-ს (UEFA) საკლუბო რეიტინგში 22-ე ადგილზე იმყოფება. გუნდი ხუთჯერ რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებულია, არის საბჭოთა კავშირის გამარჯვებული, ოთხჯერ რუსეთის სუპერთასის მფლობელი; ერთხელ „უეფა“-ს თასის გამარჯვებულიც გახდა, რის შემდეგაც ევროპის სუპერთასის მოგება მოახერხა. „ზენიტი“ ახლა ესპანეთში იმყოფება და პარალელურად ამხანაგურ მატჩებს მართავს – მოგებებით დასრულდა შეხვედრები ავსტრიის „ზალცბურგთან“ – 6:3 და ლუქსემბურგის „დუდელანჟთან“ – 4:0.
რუსეთის პრემიერლიგა 22 თებერვალს განახლდება. 19 ტურის შემდეგ პეტერბურგელები 45 ქულით პირველ ადგილზე არიან და მეორეადგილოსან „კრასნოდარს“ 10 ქულით უსწრებენ. „ზენიტის“ საუკეთესო ბომბარდირი რუსეთის ნაკრების კაპიტანი არტიომ ძიუბაა, რომელმაც 19 მატჩში მეტოქეთა კარის აღება 11-ჯერ შეძლო. საინტერესოა, რომ „ზენიტს“ განაცხადში ექვსი მეკარე ჰყავს.
„საბურთალო“-„ზენიტის“ შეხვედრა საქართველოს დროით 19:30 საათზე დაიწყება. მატჩის ლაივ-სტრიმს „საბურთალოს“ ფეისბუქ-გვერდი შემოგთავაზებთ.