„საბურთალო“ თურქეთშია - ცეცაძემ ახლები დაიმატა
„საბურთალო“ თურქეთშია - ცეცაძემ ახლები დაიმატა

საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი „საბურთალო“ 14 იანვარს თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრა და ახალი სეზონისთვის მზადებას გააგრძელებს.

ხსენებულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არ იგეგმება, საბურთალოელები ყოველდღიურად ფიზიკური კონდიციების ამაღლებას დაუთმობენ დროს. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით გუნდი თურქეთში 23 იანვრამდე დარჩება, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და მცირე ხნით ვარჯიშს ადგილზე გააგრძელებს.

დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს თბილისელები 1-14 თებერვლის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაივლიან, სადაც რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავენ. თურქეთში მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იქნება.

„საბურთალოს“ დაუბრუნდნენ იჯარით განათხოვრებული ფეხბურთელები – ცოტნე ნადარაია და გურამ გოშთელიანი. გასულ წელს ნადარაია „ტორპედოში“, გოშთელიანი კი „დილაში“ ასპარეზობდა. გუნდს შეკრებაზე გაჰყვება ბექა ხარაიშვილი, რომელიც გუნდის აკადემიის აღზრდილია და „საბურთალო 2“ -ის  ღირსებას იცავდა.

თურქეთში მიემგზავრება ლევან მაჭარაშვილიც, ვინც ბოლოს, სომხეთის ჩემპიონატში, „ლორი”-ში ასპარეზობდა. ასევე, გუნდთან ერთადაა 28 წლის მეკარე დავით კუპატაძე, რომლის ბოლო კლუბი ტაჯიკეთის „ხუჯანდა” იყო.

თურქეთში „საბურთალო” ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:

მეაკრეები: ლაზარე კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, დავით კუპატაძე,

მცველები: ნიკოლოზ მალი, ანრი ჭიჭინაძე, ლევან კაკუბავა, თედორე გრიგალაშვილი, ცოტნე ნადარაია, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ლუკა ლაკვეხელიანი.

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე, ლევან მაჭარაშვილი, ბექა ხარაიშვილი, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ლევან ყენია.

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გურამ გოშთელიანი, გიორგი გაბედავა.