„საბურთალო“ თურქეთში მიემგზავრება
„საბურთალო“ თურქეთში მიემგზავრება

„საბურთალო“ 20 იანვარს გამთენიისას თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება. საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი ქალაქ სიდეში დაბინავდება, სადაც 2 თებერვლამდე დარჩება.

გუნდის ვებ-გვერდის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. სპარინგ-მატჩების დღეებია 24-28 იანვარი და პირველი თებერვალი.

მეორე შეკრებაზე ქალაქელები უკვე ლარაში გაემგზავრებიან, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. თბილისელები მეორე შეკრებაზე 6-19 თებერვლამდე მოემზადებიან.

თურქეთში საბურთალოელები რუმინეთის „ვიტორულს“, სერბეთის „ნაპრედაკს“, მაკედონიის „რაბოტნიჩკს“, შვედურ „სირიუსს“, ბოსნიის „სარაევოს“, რუსულ „ახმატსა“ და ყაზახურ „კაისარს“ დაუპირისპირდებიან. ამხანაგური მატჩების პირდაპირი ინტერნეტ-რეპორტაჟები „საბურთალოს“ ფეისბუქ-გვერდზე იგეგმება.

თურქეთში გაემგზავრება „საბურთალო 2“-ც – რევაზ გოცირიძის გაწვრთნილები იქ 12-დან 26 თებერვლამდე მოემზადებიან.