„საბურთალო“ „ტორპედოს“ საკითხზე განცხადებას ავრცელებს - კონკურენტის შესუსტების ნაცვლად, ყველამ მის შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნოთ
„საბურთალო“ „ტორპედოს“ საკითხზე განცხადებას ავრცელებს - კონკურენტის შესუსტების ნაცვლად, ყველამ მის შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნოთ

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოში“ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საფეხბურთო კლუბებს მოუწოდებს, ერთად დაიცვან სამართლიანი თამაშის წესები და კონკურენტის დასუსტებით ნუ ისარგებლებენ.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქუთაისი „ტორპედოს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. უპირველესად გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას და თანადგომას კლუბისა და მისი განსაკუთრებული გულშემატკივრის წინაშე. „ტორპედოს“ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამ ისტორიას სათანადო გაგრძელება სჭირდება. კლუბის ბოლოდროინდელმა წარმატებამ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ჩაუსახა იმედი და რაც მთავარია, საგრძნობლად გაზარდა კონკურენცია ეროვნულ ჩემპიონატში. „საბურთალო“ ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამართლიანი თამაშის წესებს და ასევე ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის გაზრდას კლუბებს შორის“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.

ქუთაისურ კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების და ამის შედეგად განვითარებული მოვლენების შემდეგ, „ტორპედოს“ მოთამაშეების გადაბირება მისმა კონკურენტებმა გადაწყვიტეს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი კლუბებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

„მიგვაჩნია, რომ ნაცვლად „ტორპედოს“ შესუსტებისა, ყველა კლუბმა ძლიერი „ტორპედოს“ შესანარჩუნებლად უნდა ვიზრუნოთ, რაც ქართული ფეხბურთს განვითარებისთვის და წინსვლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან უახლოეს პერიოდში „ტორპედოს“ ევროპულ სარბიელზე ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა მოუწევს. „საბურთალო“ მზაობას გამოთქვამს, რომ ამ პრობლემაზე ფეხბურთის ფედერაციასთან, ფეხბურთის განვითარების ფონდთან და კლუბებთან ერთად იმსჯელოს და გამონახოს საშუალება „ტორპედოს“ დასახმარებლად“, – „საბურთალოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.